„კამათი მოუვიდათ მამამისს და ლენოს... საერთოდ არ ველოდი, რომ სერიოზულ სახეს მიიღებდა... იმ დღეს არ აპირებდა არაფერს, მაგრამ დღიურში სულ ამაზე წერდა...“ - ლულუ კახიანი შვილის გარდაცვალებაზე

ლულუ კახიანი

ლულუ კახიანი შვილის გარდაცვალებაზე საუბრობს „ლიკა ყაზბეგის პოდკასტში“ საუბრობს. 

- ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ უთქვამთ მეგობრებს ან ასეთ ახლობლებს, ნაცნობებს, საუბარში უხსენებიათ ლენო და მერე ბოდიში მოუხდიათ, რომ „ბოდიში, რომ არ გვინდოდა, რომ რაღაც...“ ფიქრობენ, რომ ამით მახსენებენ და უფრო თავიდან განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ეს განცდა სულ არის, რომ არც შემახსენონ. ლენო ყოველთვის მახსოვს, ყოველ წამს და უბრალოდ წლებთან ერთად ეს ტკივილი რაღაც გადავამუშავე, შეიძლება ასე ვთქვა. და თავიდანვე არ იყო მტკივნეული ლენოზე საუბარი. პირიქით, ლენოზე რომ ვსაუბრობ, მგონია, რომ ისევ ცოცხალია ან სადღაც არის, ისევ აქ არის და მიხარია ისიც, როდესაც ახსენებენ, ლენო კიდევ ახსოვთ. ან სოციალურ ქსელში ლენოს ინსტაგრამზე შევდივარ ხოლმე. არაფერს არ ვპოსტავ, უბრალოდ ხანდახან სთორებს ვდებ ძველი ფოტოების სახით და ზოგიერთი მისი მეგობარი წერს ხოლმე უბრალოდ კომენტარებში, რომ „მოგვენატრე, ლენო“ და რაღაცნაირად მიხარია. მსიამოვნებს, რომ ლენო კიდევ ახსოვთ შვიდი წლის მერეც. თან ისეთ ასაკში წავიდა, ბავშვებმა მალე იციან დავიწყება, მოზარდებმა... და ამ შემთხვევაში ასე რომ არ ხდება, რაღაცნაირად მსიამოვნებს ეს ფაქტი, რომ ლენო ახსოვთ...

გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველა დეტალი. დრო მკურნალია — ამ შემთხვევაში არ მუშაობს ეს ფრაზა. დრო არ არის მკურნალი. უბრალოდ რაღაცას ეგუები და სხვა რეჟიმში განაგრძობ ცხოვრებას.

 

 

 ...ბათუმიდან ჩამოვედით. რაღაცა კამათი მოუვიდათ მამამისს და ლენოს. საერთოდ არ მქონდა მოლოდინი იმის, რომ რაღაცა სერიოზულ სახეს მიიღებდა, იმიტომ რომ ასეთი კამათები მანამდეც ყოფილა.

მაღაზიაში ჩავიდა და აღარ ამოვიდა არასოდეს და გვიანი იყო უკვე, 11 საათი, ტელეფონი ჰქონდა გათიშული, დაუჯდა. მაგაზე დაიწყო კამათი, „ტელეფონი რომ ხედავ, რომ გიჯდება, უნდა ამოხვიდე სახლში და გამაფრთხილო, რომ ტელეფონი მიჯდება, იმიტომ რომ გირეკავ და არ პასუხობ, სახლში არ მოხვედი, რა უნდა ვიფიქროთ, ვნერვიულობ“.

მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში, მაშინ მეცხრე კლასში იყო ლენო და ძაან ისე დადიოდა სკოლაში, ჩათვლებზე მიდიოდა, გამოცდებზე, წერა რომ ჰქონდათ რაღაც ჩასაბარებელი, მაგ დროს მიდიოდა და ზოგადად, აპროტესტებდა სკოლაში სიარულს. ამაზეც იყო კამათი, რომ „ხვალიდან სკოლაში წახვალ და ჩადგები რეჟიმში“. არადა, პრინციპში, უკვე წლის ბოლო იყო, 10 დღე რჩებოდა სემესტრის დამთავრებამდე...

ასე კამათში რაღაცა დაიძაბა. უბრალოდ ამან აღარ დაუთმო საუბარი მამამისს და წამოუხტა, დაუყვირა, გაიწია... მე ამ დროს, ახალი ჩამოსული რომ ხარ, ხომ იცი, იქ რაღაცა ბარგი, სარეცხი, ყოფით ამბებში ვარ და ვერ მივხვდი უცებ, რატომ გაცხარდა ეს კამათი, რაღაც სხვა დონეზე გადავიდა...

და რაღაცა უთხრა ლენომ, აღარ მახსოვს ზუსტად რა უთხრა, ცოტა უხეშად უთხრა მამამისს და მამამისმა ხელი ჰკრა. გაბრაზდა ძაან ლენო და „გეყოფათ ჩხუბი, დამშვიდდით-თქო“.

გვაჯი მიდიოდა მაშინ სტუდიაში, სამუშაო ჰქონდა, რაღაცას ახმოვანებდა მეორე დღეს, აღარ მახსოვს, თუ წერდა. და, „მე წავედიო სტუდიაშიო და შენ ბავშვს მიხედეო...

და რაღაცა მომენტი იყო მანამდე, რომ გამოვიდა და ლენო არ არის ოთახში და ორივემ გავიხედეთ აივნისკენ რატომღაც.

„სად არისო ლენო?“ — გვაჯიმ დაიყვირა და გავიგე მერე ონკანის ხმა აბაზანიდან და მეთქი, „აბაზანაში არის“.

ანუ უკვე იმ მომენტში წინასწარ, რამდენიმე საათით ადრე, ელვასავით რომ გაიელვებს, გონებაში ეგ ფაქტი დაფიქსირდა....

და წაეშალა სახე გვაჯის, „მე ახლა გავდივარო და შენ მიხედე ბავშვსო“.

მერე ლენო იჯდა დივანზე და ველაპარაკე. მივუჯექი, დავამშვიდე და ვთხოვე, „ნუ აჰყვები-მეთქი მამაშენს. ხომ იცი, როგორი ხასიათი აქვს, შენ თუ ჯიბრში ჩაუდგები, ისიც არ დაგითმობს და ვიღაცამ უნდა დაუთმოს-მეთქი ამ დროს. შენ იყავი-მეთქი ის ვიღაცა".

ლენო ძაან ნაწყენი იყო. „მამა როგორც მელაპარაკაო და როგორც მომექცა ახლაო, ამას ვერ ვაპატიებ ვერასოდესო“.

და მე ვცდილობდი, რომ რაღაცა...

დღემდე ბოლომდე არ მაქვს ეს გადახარშული თვითონ ეს მომენტი, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ შეასრულა, ანუ სისრულეში მოიყვანა თავისი გადაწყვეტილება... იმიტომ, რომ იქ ტანსაცმელი დატოვა დაკეცილი, მაგიდაზე, ფეხსაცმელი, იქ რაღაცები. მიაკრა ფანჯრებზე წარწერები. ჩემს საძინებლის კარებთან დამიწერა: „Mom, I love you the most. I will be fine. Don’t worry.“ მერე „Angels can fly“ — რაღაც წარწერები — მიაკრა უკვე ამ აივნის შუშებზე...

იმ დღეს არ აპირებდა არაფერს, მაგრამ ალბათ სცენარი უკვე დალაგებული ჰქონდა თავში“