ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

საქპატენტი

საქპატენტმა გამოსცა ჟურნალის „საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები“ მე-2 ნაწილი, რომელიც უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაიბეჭდა.

ჟურნალში განთავსებულია საინტერესო ცნობები და შემეცნებითი ხასიათის საინფორმაციო თუ ვიზუალური მასალა საქპატენტში რეგისტრირებული 12 პროდუქტის შესახებ, რომლებიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, გემური თვისებებით, ხარისხითა და მაღალი რეპუტაციით. ადგილწარმოშობის დასახელებებად და გეოგრაფიულ აღნიშვნად ნიშანდებული ეს განსაკუთრებული პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში. ღონისძიება გახსნა საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –„საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. გამომსვლელებს შორის იყო ასევე, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე, რომელიც გიორგი კალანდიასთან ერთად ჟურნალის ტექსტების ავტორია.

ჟურნალის ფოტომასალა ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ცნობილ ფოტოხელოვანს ბადრი ვადაჭკორიას, ასევე ფოტოგრაფებს – კახაბერ გოგიჩაშვილსა და პაატა ვარდანაშვილს. გამოცემის დიზაინზე იმუშავა ელენე დავითაშვილმა.

ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდა ზუგდიდის მერი დავით კოდუა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების და საქპატენტის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ჟურნალის პირველი ნაწილი გამოიცა 2024 წელს, სადაც თავმოყრილია საინტერესო მასალა საქპატენტში რეგისტრირებული 64 უნიკალური ქართული პროდუქტის შესახებ.

✕