რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ავტონაწილებით მოვაჭრეებისთვის ახალი წესები და ჯარიმები თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაამტკიცა.
კერძოდ, 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეც გავრცელდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, აღნიშნული მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, ფიზიკური პირის 2 500, ხოლო იურიდიული პირის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 5 000 ლარს, იურიდიული პირისთვის კი 15 000 ლარს შეადგენს.
ამასთან, იმ ადგილებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღნიშნული საქმიანობისთვის განსაზღვრულია, მაგრამ საქმიანობა დადგენილი წესის დარღვევით ხორციელდება, ფიზიკური პირი 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 2 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმები, შესაბამისად, 2 500 და 5 000 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის ახალი წესი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს.
რეგულაციით იკრძალება ზემოაღნიშნული საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. ხოლო დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განსაზღვრულია გარკვეული პირობები, რომლის დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს.