თბილისი

თბილისში 15 ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭება

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება.

აღნიშნული ინიციატივა დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიის სხდომა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.

საკრებულოს ინიციატივით, ამ ეტაპზე, 15 გეოგრაფიული ობიექტის სახელდება განხორციელდება. მათ შორის, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება; საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან  მდებარე უსახელო ქუჩას დაერქმევა; ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას კი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის კახაბერ თავგორაშვილის სახელი მიენიჭება. ამავე ომში გარდაცვლილი  ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის, ფოტორეპორტიორის ალექსანდრე კლიმჩუკის  და ჰოლანდიელი ტელეოპერატორის სტან სტორიმანსის სახელობის ქუჩების სახელდება  კი სამგორის რაიონში განხორციელდება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა, თუმცა ამავდროულად იგი გმირობასა და თავდადებასთან ასოცირდება. მისივე თქმით,  საქართველო  ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

„თოთხმეტი წლის წინ, დღევანდელ დღეს, ჩვენმა გმირებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავიანთი სიცოცხლე უპირობოდ გასწირეს. ეს დღე გმირობის, ერთიანობის და თავდადების ნათელი მაგალითია. ჩვენ მათ გმირობას არასდროს დავივიწყებთ. საქართველო  ოკუპაციას არასდროს შეეგუება. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ  გვაქვს შესაძლებლობა, ამ ადამიანების სახელების უკვდავსაყოფად თბილისში ქუჩების სახელდება განვახორციელოთ. ეს არის ის მცირედი, რისი გაკეთებაც  ჩვენ მათთვის შეგვიძლია. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების  წინაშე“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ქართველი მებრძოლების თავდადებაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემაც ისაუბრა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სხდომაზე მობრძანებისთვის  მადლობა გადაუხადა.

„2008 წლის, 8 აგვისტო ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი დღეა. ამ დღის ტკივილი არასდროს განელდება. ეს დღე განსაკუთრებით მძიმეა მათთვის, ვინც ომში ოჯახის წევრები და მეგობრები დაკარგა. აგვისტოს ომის გმირების სახელების უკვდავსაყოფად, ჩვენი გადაწყვეტილებით, თბილისის 15 ქუჩას, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სახელები მიენიჭება.  2008 წლის რუსეთის აგრესიას სულ 184 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. ამ დროისთვის  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ უკვე  27 მებრძოლის სახელობის ქუჩის სახელდება განახორციელა. დღეიდან ამ სიას კიდევ 15 ქუჩა შეემატება. პროცესი გრძელდება და  ჩვენი მხრიდან ყველა გმირის ღვაწლი  დაფასდება“,- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღეს განხილულ საკითხებს საკრებულოს  სხდომაზე დაამტკიცებენ.

მთავარი სიახლეები