„ბევრი ამბობდა, შვილი გამიცოცხლეო“ – „გმირის” შემქმნელი, აგვისტოს ომის გმირებსა და „წითელ ყაყაჩოზე“

თაკო ფხაკაძე

„პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი, „რუსთავი 2-ის“ მმართველი დირექტორი თაკო ფხაკაძე ერთ-ერთ გადაცემაში აგვისტოს ომის გმირებზე საუბრობს.

„2008 წელს ახალი მომხდარი იყო ეს ომი. არ ვიყავი საქართველოში, ჩემს შვილთან ვიყავი ჩასული. გადავშალე ბეჭდური მედია და ვნახე, რომ გამჭოლი სათაურით ეწერა „hero“.  მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით სახლში, ომში 18, 19 წლის ბიჭები დაიღუპნენ. ჩემი შვილის ტოლი ბავშვები ომში იბრძოდნენ. მაშინვე ვიფიქრე, რომ მათ სახელებს და გვარებს პატარა ბიოგრაფიებით გამოვცემდით.

თავდაპირველად, ყოველ ნომერში ვბეჭდავდით თითო გმირის ისტორიას. ფოტოებიც კი არ ჰქონდათ... ბევრ მათგანს ჰქონდა შავ-თეთრი, პასპორტის ფოტო.

როდესაც უკვე შესრულდა ამ გმირების გარკვეული რაოდენობა, გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი წიგნად გამოგვეცა. მე მაგალითად, სახელით და გვარებით ვიცნობ მათ. ფოტოს რომ დავხედო, გეტყვით, რომელი გმირია და რომელ ბრძოლაში დაიღუპა. თაობებიც თუ ასე დაიმახსოვრებენ ყველაფერს, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება. მათი ოჯახის ემოციები უნდა გენახათ, როგორ მიიღეს წიგნი. ბევრმა მათგანმა თქვა: შვილი გამიცოცხლეო.

რაც შეეხება ყაყაჩოს სიმბოლოს, დიდ ბრიტანეთში ტელევიზორს ვუყურებდი და ვნახე, რომ ტელევიზორში წამყვანებს ეკეთათ ყაყაჩო, შემდეგ პოლიტიკოსებზეც შევამჩნიე. როგორც მერე გავიგე, ეს იყო ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად და როგორ შეიძლებოდა, რომ ჩვენც, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების პატრონები, ამ დიდ თემას არ შევერთებოდით.

ბრიტანეთში საქველმოქმედო ფონდიც არსებობს და ჩვენც ასე დავაწესეთ. გავაკეთეთ ფონდი „წითელი ყაყაჩო“. ამ ყაყაჩოებს ვყიდდით და შეგროვილი ფულით რამდენიმე გმირის შვილს სწავლა დავუფინანსეთ...

როდესაც კითხვას სვამენ, ომი ვინ დაიწყო – ანწუხელიძის ეპიზოდს როდესაც უყურებს ადამიანი, კითხვის ნიშანი არსებობს? ან შინდისის ომის ისტორიას როდესაც გაიცნობს, რა კითხვის ნიშანი… ბიჭი ვერ დააჩოქეს, ვერ ათქმევინეს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო, მისი სამშობლოს საწინააღმდეგო. გმირად მოკვდა, ჩვენი თვალით ვნახეთ ეს ყველაფერი. კითხვის ნიშანი არსად არის, უბრალოდ ეს არის გმირები და მათი გმირული ისტორიები“, – აცხადებს თაკო ფხაკაძე. 

ცნობისთვის, თაკო ფხაკაძის ხმაურიანი და მასშტაბური სხვადასხვა პროექტებიდან ერთ-ერთი „გმირია“, სადაც ერთიანდება საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გმირული ისტორიები.