ჩვენს გმირებს სახელებით და გვარებით ვიცნობთ, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა ქვეყანას შემოვუნახეთ – თაკო ფხაკაძე გმირებზე

tamar pkhakadze

„პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი, „რუსთავი 2-ის“ მმართველი დირექტორი თაკო ფხაკაძე არაერთი ისტორიული პროექტის შემქმნელია.

თაკო ფხაკაძის ხმაურიანი და მასშტაბური სხვადასხვა პროექტებიდან ერთ-ერთი „გმირია“, სადაც ერთიანდება სამშობლოს კეთილდღეობისთვის დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გმირული ისტორიები.

„ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, ქედს ვიხრი მათი ოჯახების წინაშე იმიტომ, რომ მათ გაზარდეს ადამიანები, რომლებზეც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა დგას.

ამ წიგნის მიზანი იყო ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ, ჩვენმა შვილებმა, მათმა შვილებმა სახელებით და გვარებით იცოდნენ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ, როდესაც ჩვენ სახლში ვიყავით, ბრძოლის ველზე იდგნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ. ემოცია, რომელიც ამ წიგნის გაკეთებას მოჰყვა, საოცარი იყო. მთელი რედაქცია, პრაქტიკულად, ტიროდა, იმიტომ, რომ შეუძლებელია წაიკითხო 17, 18, 19 წლის ადამიანების ისტორია, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი ქვეყნისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პატარა ბიჭების ისტორია საქართველოს უახლესი ისტორიაა და ეს ისტორია მე და ჩემმა გუნდმა ქვეყანას შემოვუნახეთ.

პროექტ “გმირის” მთავარი მიზანი შესრულებულია, გმირი – ეს არ არის კრებითი სახელი, ჩვენ თითოეულის ბიოგრაფია ვიცით და ვიცით, რომ სულ პატარა ბიჭებმა სიცოცხლე საქართველოს ერთიანობის იდეას შესწირეს. როცა ამბობენ, „გმირი”, მგონია, რომ ამ ტიტულის პედალირებაში სულ პატარა წვლილი ჩვენც შევიტანეთ. ეს ერთგვარი მადლობა იყო ჩვენი მხრიდან იმ ბიჭების მისამართით, რომლებმაც ამ ქვეყნისთვის თავი გაწირეს“, – ამბობს თაკო ფხაკაძე.

„როდესაც კითხვას სვამენ, ომი ვინ დაიწყო – ანწუხელიძის ეპიზოდს როდესაც უყურებს ადამიანი, კითხვის ნიშანი არსებობს? ან შინდისის ომის ისტორიას როდესაც გაიცნობს, რა კითხვის ნიშანი… ბიჭი ვერ დააჩოქეს, ვერ ათქმევინეს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო, მისი სამშობლოს საწინააღმდეგო. გმირად მოკვდა, ჩვენი თვალით ვნახეთ ეს ყველაფერი. კითხვის ნიშანი არსად არის, უბრალოდ ეს არის გმირები და მათი გმირული ისტორიები“, – აცხადებს თაკო ფხაკაძე ერთ-ერთ გადაცემაში. 

თაკო ფხაკაძის ავტორობით შექმნილი პროექტები:

„დაკარგული ისტორია“ – შსს-ს არქივთან თანამშრომლობით გამოიცა საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი „საარქივო მოამბის“ სპეცნომერი,

„ოქროს ფრთა” – პროექტმა წლების განმავლობაში სხვადასხვა ნომინაციებში ჟურნალისტთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებები გამართა, 

„წითელი ყაყაჩო“ – საქველმოქმედო ფონდი, პროექტის ფარგლებში ყოველი წლის აგვისტოში ეწყობა „წითელი ყაყაჩოების“ აქცია, რომელიც 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ხსოვნას ეხება; 

პროექტი „გმირი“– პროექტს მიღებული აქვს სხვადასხვა პრემია და ჯილდო, მათ შორის: გალა, „ოქროს ფრთა“, ოქროს კალამი, “ოქროს პრეგმანეტი “და წლის სახელები. წიგნი „გმირი“ რამდენიმე ტომად გამოიცა, რომელიც აერთიანებს აგვისტოს ომში და ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების გმირულ ისტორიებს;

„გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი“ – პროექტის ფარგლებში საზოგადოებამ გაიცნო გიგო გაბაშვილის უცნობი და ამასთან, მე-19 საუკუნისთვის საკმაოდ თამამი ფოტოსურათები, რომელიც წლების განმავლობაში არქივში მინის ნეგატივებზე ინახებოდა…