VIDEO: „გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა“ – ზვიად ბოლქვაძე შინდისის გმირის ლექსზე დაწერილ სიმღერაზე

ზვიად ბოლქვაძე

ზვიად ბოლქვაძე ინტერნეტში “შემთხვევით” გადააწყდა მიხეილ დვალიშვილის ლექსს, რომელიც ამ გარდაცვლილ შინდისელ მეომარს ჯიბეში დაფლეთილი უპოვეს. მაშინ მიშიკო 21 წლის იყო. ლექსებს წერდა და როგორც ხშირად ამბობდა, საქართველო სიგიჟემდე უყვარდა.

დაფლეთილი ლექსი ზვიადმა ისე აქცია გულში ჩამწვდომ ძარღვიან სიმღერად, რომ მანამდე გმირების ისტორია ასე დეტალურად არ სცოდნია, არც ფილმი “შინდისი” ჰქონია ნანახი.

“შარშან, აგვისტოს დღეებში წავიკითხე, რომ თურმე ლექსებს წერდა, ბავშვობიდან მამის კვალს მიჰყვებოდა, ჯარისკაცის ფორმით დადიოდა, გამორჩეული, პატრიოტული სულისკვეთების ბიჭი ყოფილა. მერე ეს ლექსიც წავიკითხე და… არც მიფიქრია, მაშინვე ვიმღერე! ისეთი ფორმით გავაკეთე, თითქოს თვითონ მღერის დანარჩენ შინდისელებთან ერთად. სხვა შინდისელები, თითქოს ბანს აძლევენ.

კითხულობ ამ ლექსს და ხვდები, რომ ეს სიტყვები ამ ბიჭმა რეალურად განიცადა”, – ამბობს მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი.

“ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები,

ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს…

ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ…”

აფხაზეთის კაპელის მამაკაცთა შემადგენლობასთან ერთად ზვიადმა სიმღერა “რუსთავი 2”-ის დილის ეთერში გუშინ შეასრულა.

ზვიად ბოლქვაძე: – სიმღერა ცოცხლად შევასრულეთ და გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ პატარა ბიჭის ლექსზე დაწერილმა სიმღერამ. ჩემი იდეა ის არის, რომ ეს ბიჭი და დანარჩენი გმირები გავაცოცხლო!.

სიმბოლურია, რომ ჩემი შემოქმედება დაკავშირებულია აგვისტოს ომის თემასთან. ჩემი პირველი სერიოზული სიმფონიური ნაშრომი ამ ომის გმირებს მივუძღვენი. ის სიმღერა ლადო ასათიანის “ჰეი თქვენ არაგველებო”-ზე დავწერე.

კაპელის ბიჭებიც ანთებულები არიან. მინდა ჩავწერო ეს სიმღერა და მერე მის ვიდეორგოლზე ვიფიქრო.

სიმღერა სიურპრიზი იყო ედმონდ მინაშვილისთვის, პროექტ “შინდისის” ავტორითვის, რომელიც მიხეილ დვალიშვილის ბავშვობის მეგობარი იყო და სწორედ მის საფლავთან დაიფიცა, რომ მეგობრის და დანარჩენი გმირების ამბავს, მსოფლიოს გააცნობდა. და შეასრულა კიდეც.

ედმონდ მინაშვილი: – ამ სიმღერამ ძალიან იმოქმედა, ჩემზე. ემოციური იყო. მიშიკო არ მომკვდარა. ვიცი, რომ სამუდამოდ დარჩება ყველა ქართველის გულში. შინდისელები რომ უკვდავნი არიან, ამას მოწმობს ზვიად ბოლქვაძის ეს შესანიშნავი ნამუშევარი. გულწრფელი მადლობა მას ამ ამაღელვებელი სიმღერისთვის, რომელმაც ამგვარი სიურპრიზი მოგვიწყო.