აგვისტოს ომის ქრონოლოგია და გზა სტრასბურგამდე – რამ გამოიწვია მძაფრი რეაქციები კრემლში

agvistos omi

2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ყოველ ამ თვეს ემოციები იმდენად ძლიერდება, რომ არაერთხელ მოსმენილის კიდევ ერთხელ მოსმენის სურვილი ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაკარგულ ადამიანზე, გმირებზე ფიქრით მოვდივართ, აგვისტოს თვეში თითქოს სხვანაირად იწყება გულისცემა. სისხლის დუღილი და შეიძლება ითქვას, ერთიანად გვახრჩობს ცრემლი და ბრაზი ოკუპანტი ქვეყნის და მათი წარმომადგენლების მიმართ.

ძნელია ემოციის კონტროლი, როცა იცი, რომ რამდენიმე წლის წინ ეს თვე ჯოჯოხეთად გიქცია რუსმა აგრესორმა და დღესაც ეპოტინება გმირების სისხლით მორწყული, ახალი სიცოცხლის სამოსახლო ტერიტორიებს...

როგორც ზემოთ ვახსენეთ, მართალია ათასჯერ მოსმენილი და წაკითხული გვაქვს ჩვენი ომის ისტორია, მაგრამ არასდროს იქნება უადგილო, მისი კიდევ ერთხელ გაზიარება.

აგვისტოს ომის ქრონოლოგია

2008 წელს, სიტუაციის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა ამ ფაქტს მხარი დაუჭირა.

მალევე, 6 მარტს რუსეთი გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) 1996 წლის შეთანხმებიდან, რომლის თანახმადაც, თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს ეკრძალებოდათ ეკონომიკური და სამხედრო კავშირები აფხაზ სეპარატისტებთან.

21 მარტს, რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებდა, რომ მხარი დაეჭირა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, 3 აპრილს სეპარატისტებთან გაგზავნილ წერილში კი პუტინი მათ „პრაქტიკულ“ დახმარებას ჰპირდებოდა.

ამის შემდგომ, 2-4 აპრილს, ბუქარესტში გამართულ NATO-ს სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს დაპირება, რომ ისინი გახდენოდნენ NATO-ს წევრები, რამაც კიდევ უფრო მძაფრი რეაქციები გამოიწვია კრემლში და ოფიციალურ მოსკოვს არც დაუმალავს. 8 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ უკრაინისა და საქართველოს გაწევრება NATO-ში“.

16 აპრილს კი პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო რეჟიმებთან პირდაპირი სამართლებრივი კავშირების დამყარება დაევალათ. აღნიშნული ბრძანებით ასევე მოხდა სეპარატისტული რეგიონების დოკუმენტებისა და უწყებების ოფიციალური აღიარება.

ამ ბრძანების ხელმოწერიდან მეორე დღესვე დაიწყო დამატებითი სამხედროებისა და შეიარაღების შეყვანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მიზანმიმართული სამხედრო პროვოკაციები.

როგორიც იყო, მაგალითად, საქართველოს დრონის ჩამოგდება, რუსული სამხედრო თვითმფრინავების შემოჭრა ქართულ ავიასივრცეში, მასშტაბური სამხედრო სწავლების „კავკაზ-2008“ დაწყება, რომლის დროსაც რუს ჯარისკაცებში ვრცელდებოდა ფურცელი წარწერით: „მეომარო, იცოდე სავარაუდო მოწინააღმდეგე“, აფეთქებები, რომლის შედეგადაც დაიჭრნენ ქართველი პოლიციელები და ა.შ. ასევე, რუსეთმა აფხაზეთში გაგზავნა სარკინიგზო ჯარები, რომელთაც დაევალათ სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენა, რითაც რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია.

2008 წლის ივლისში დაიწყო შეტაკებები ქართველ და ოს შეიარაღებულ ძალებს შორის. ქართველი ჯარი მონაწილეობდა ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო წვრთნებში თბილისთან ახლოს, ხოლო რუსული ჯარი სამხედრო სწავლებას ატარებდა საქართველოს საზღვართან ახლოს. ტერიტორია გახდა ზედმეტად მილიტარიზირებული.

8 ივლისს, სამხრეთ ოსეთთან ახლოს ოთხმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დააარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, ამავე დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს დელეგაცია და მომდევნო დღეს დაგეგმილი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტი. მოსკოვმა განაცხადა, რომ გადმოფრენის მიზეზი ქართული მხრიდან მოსალოდნელი შესაძლო თავდასხმის შეჩერება იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ეს აქტი „ღია აგრესიად“ შეაფასა.

ძალადობის შემთხვევებმა იმატა აფხაზეთშიც. 9 ივლისს, ქვემო კოდორში, ქართველი და აფხაზი შეიარაღებული ძალების შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა ორივე მხარეს. დაძაბულობამ მოიმატა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ აფხაზური მხარე ნაღმების სროლაში დაადანაშაულა, ქართველების კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობაში.

1-ლი ივლისიდან აფხაზეთის ხელისუფლებამ ჩაკეტა ენგურის ხიდი, რაც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი ქართველებისთვის მთავარ დამაკავშირებელს წარმოადგენდა.

1-ლი აგვისტოს ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილთან დისტანციურად მართვადი 2 ნაღმი აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა ხუთი ქართველი პოლიციელი. ამავე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების მიმართულებით, რის შედეგადაც 6 სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიჭრა.

2 აგვისტოს, საპასუხო ცეცხლი გახსნა საქართველომაც, თუმცა მალევე შეწყვიტა მიღებული ბრძანების შედეგად. 2 აგვისტოსვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც 6 აგვისტომდე გაგრძელდა.

3 აგვისტოს, ოფიციალურმა მოსკოვმა დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ჯარები შეიყვანა. ამის პარალელურად კი ღამით, როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი. 4 აგვისტოს, ღამით, რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და გაუნაწილდა დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

უკვე 5 აგვისტოს, განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა და რუსულმა მედიამ გადმოსცა ინფორმაცია, რომ ცხინვალში ჩავიდა 150-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან.

ამავე დღეს, როკის გვირაბი გადმოკვეთა რუსეთის არმიის თვითმავალი არტილერიის 40-მა ერთეულმა და ბოტლიხის 33-ე მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონმა. პარალელურად, რუსეთის ტერიტორიაზე როკის გვირაბთან მობილიზებული იყო 58-ე არმიის ნაწილები.

6 აგვისტოს, გაგრძელდა ქართული სოფლების დაბმომბვა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა კი უარი განაცხადა 7 აგვისტოს დაგეგმილ შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.

10 აგვისტოს, ქართული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აკეთებს განცხადებას და იწყებს ჯარის გამოყვანას სამხრეთ ოსეთიდან. რუსული ჯარები აგრძელებენ შეტაკებებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და უფრო მეტიც, ცდებიან მის საზღვრებს და გორისკენ მიიწევენ. რუსები პოზიციებს იმაგრებენ საქართველო-აფხაზეთის საზღვართანაც და ასევე საზღვაო კორდონს აყენებენ ფოთის პორტში.

12 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს და განაგრძობს საქართველოს მცოცავ ოკუპაციას. 6-პუნქტიანი შეთანხმება მოიცავდა შემდეგ პირობებს:

1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა

2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა

3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა

4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში

5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს

6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ

12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა თავის ჯარებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ქართულმა შენაერთებმა დატოვეს როგორც სამხრეთ ოსეთი, ისე კოდორის ხეობა, აფხაზეთის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ. მოსკოვის ქმედებებს აკრიტიკებენ ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა გადაწყვეტილებას საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის შესახებ.

2009 წლის სექტემბერში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ომის ანგარიშში ვკითხულობთ „კონფლიქტის ყველა მხარემ -ქართულმა, რუსულმა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა – მოახდნა საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კანონების დაარღვევა“. ანგარიში ამბობს, რომ შეუძლებელი იყო ქართული მხარის განცხადებების დადასტურება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში ჯარები შეიყვანა მანამ, სანამ იქ ქართული ჯარი გაიგზავნებოდა 7 აგვისტოს.

სამხედრო მოქმედებების დასრულებიდან მალევე, 2008 წლის 25 აგვისტოს, რუსეთის დუმის უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებდა, რომ ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

26 აგვისტოს, მედვედევმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამით რუსეთის ფედერაციამ განახორციელა გეგმა, რომლის ნიშნებიც ჯერ კიდევ 2008 წლის მარტში შეინიშნებოდა.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, იმას, რომ 2008 წლის ომი საქართველოს არ დაუწყია, ადასტურებს კიდევ არა ერთი ფაქტი: უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა 2012 წელს ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ საომარი გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს გააჩნდა – მაშინ, როცა იგი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს აშენებდა და ქვეყანას ემბარგოს უწესებდა. პუტინმა თქვა: „გენერალური შტაბის მიერ გეგმა მომზადდა და სადღაც 2006 წლის ბოლოს თუ 2007 წლის დასაწყისში იგი ჩემ მიერ დამტკიცდა“. აქვე, საინეტერესოა ისიც, რომ როდესაც მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, 2008 წლის მოვლენებში პირადი მონაწილეობის თაობაზე, მან განაცხადა, რომ იგი რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევსა და თავდაცვის მინისტრს ესაუბრა ორჯერ 7 და 8 აგვისტოს და „განიხილეს პრობლემა“, რაც თავად მედვედევის განცხადებას ეწინააღმდეგება, რომელმაც მანამდე თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების თაობაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო: „გულწრფელად გეტყვით, არავის არავისთვის არ დაურეკავს. მე მას [ვლადიმირ პუტინს] ერთი დღე-ღამის შემდეგ დავუკავშირდი. ყველა ბრძანება უკვე მქონდა გაცემული. იქ უკვე ყველაფერი იწვოდა.“

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯერ კიდეც 2008 წლის აგვისტოს ომამდე არა ერთი ქვეყნის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს გეგმავდა. მაგალითად, შვედეთის ერთ-ერთი სადაზვერვო უწყება – Sweden’s National Defence Radio Establishment (FRA) 2008 წლის აგვისტომდე პროგნოზირებდა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს გეგმავდა.

2021 წელს, 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

გადაწყვეტილებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა.

სასამართლოს გადაწყვეტილება 


მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ასევე ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ სახლების დაწვასა და ძარცვასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია რუსეთის შეიარაღებული ძალები ფორმალურად კონფლიქტში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის მიზნით ჩაერივნენ, ბევრ შემთხვევაში რუსული ძალები განზე გადგნენ, როდესაც ოსური დანაყოფები სახლებს წვავდნენ.

წინაისტორია

ევროპის სასამართლომ საქართველოს მიერ წარდგენილი საჩივარი დასაშვებად 2011 წლის დეკემბერში ცნო და ის განსახილველად 17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას გადასცა.

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი. ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო, როდესაც ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და რუსეთიდან კოლექტიური გაძევება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა იყო.

მესამე სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ 2018 წელს შეიტანა და ის ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხება.

 

ცნობისთვის, 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე. აქედან – 140 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2,232-ს. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაა 1,045.

კონფლიქტის მსვლელობის დროს მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ჟურნალისტი. 8 აგვისტოს დაიღუპა ორი ქართველი ჟურნალისტი გია ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი. 12 აგვისტოს რუსეთის მიერ გორის დაბომბვის დროს გარდაიცვალა დანიელი ჟურნალისტი და ოპერატორი სტან სტორიმანსი.

რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას. 2011 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერი ბორდერიზაციის 155 შემთხვევა დაფიქსირდა. უკანონო ბორდერიზაცია არც 2020 წელს შეწყვეტილა. შესაბამისად, საქართველო დღემდე რუსული აგრესიის ქვეშ იმყოფება, რაც ყველაზე უფრო მძიმედ აისახება საქართველოს იმ მოქალაქეების ყოფაზე, რომლებიც უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ.