„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორის, ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის გარდაცვალების გამო.
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი 2009 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2013 წლიდან კი პარალელურად ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მიერ ერთობლივად დაფუძნებულ პალეოგარემოს, პალეობიომრავალფეროვნებისა და არქეოლოგიური კვლევების ცენტრს. მას წვლილი მიუძღვის საქართველოში პრეისტორიული არქეოლოგიის, პალეონტოლოგიისა და პალეოანთროპოლოგიის დარგების განვითარებაში, ამ მიმართულების არქეოლოგების თაობების აღზრდაში. მის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა და კვლევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმერეთის რეგიონის – ჯრუჭულას და ბონდის მღვიმეების, ორთვალა კლდისა და უნდოს ქვის ხანის სხვადასხვა ეტაპის ძეგლებზე მის მიერ ჩატარებული კვლევითი სამუშაოები, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზიარის პალეოლითური სადგომის დადასტურება. საყოველთაო ინტერესი გამოიწვია მისი ხელმძღვანელობით, ილიაუნის სამეცნიერო გეგმით ჩატარებულმა საერთაშორისო წყალქვეშა არქეოლოგიურმა კვლევამ, რასაც შავი ზღვის აკვატორიაში, გონიოსთან ახლოს ჩაძირული ტერასული კუნძულის აღმოჩენა მოჰყვა.
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი იყო მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი პროექტის მონაწილე, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მისი სტატიები გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და გამოირჩევა ციტირების მაღალი ინდექსით.
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის მრავალმხრივი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობიდან უთუოდ აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი წვლილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მიერ პრეისტორიული მიმართულებით ჩატარებულ არქეოლოგიურ კვლევებში და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში,“- ნათქვამია სამძიმრის წერილში.