სურსათის ეროვნული სააგენტო  შემოწმებული პროდუქტების შედეგებზე განცხადებას ავრცელებს

სურსათი

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, გურიის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

შედეგად, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ტყვიის შემცველობა ყველა შემთხვევაში ნორმას შეესაბამებოდა.

„დარღვევების მინიმუმამდე შემცირება ბოლო წლებში გააქტიურებული კონტროლის, სააგენტოს მიერ მიღებული სპეციალური ზომებისა და ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგია“, - აცხადებენ სააგენტოში.

2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბამობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა. სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნიმუშების აღებასა და კვლევას განაგრძობს.

ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს, ჭარბი რაოდენობით იგი მომწამვლელია. სურსათსა და წყალში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.