სასწაული, რომელიც ანი გიუნტერის ოჯახში მოხდა - რა ისტორიას იხსენებს ტელეწამყვანი

ანი გიუნტერი

მესამე თვალი, ძლიერი ინტუიცია და წინათგრძნობა არის ის, რაც ადამიანს იმაზე მეტის დანახვაში ეხმარება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ თემასთან დაკავშირებით, ტელეწამყვანი ანი გიუნტერი საკუთარ ისტორიას იხსენებს, თუ როგორ გამოვიდა მისი და სასწაულებრივად ერთ დღეში კომიდან.

„ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო დედაჩემის მაგალითი. შვილი ჰყავდა საავადმყოფოში, კომაში იყო და დედა ამბობს: არა უშავს, შევცვალოთ რაღაც, ბავშვი წამოიყვანე, ვითამაშოთო. გავგიჟდი – რა დროს ეს იყო. ეს 12 წლის წინ მოხდა. ვკითხე კიდეც – დედა, როგორ გაქვს ამის ძალა-მეთქი?! კომა არის მდგომარეობა, როცა არაფერი იცვლება და ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დედა კი უცებ ამბობს, მოდი ბავშვი წამოვიყვანოთ. სიტუაცია რომ შეიცვლება და სახლი ამოძრავდება, ისიც ამოძრავდებაო. იცით რა მოხდა? მეორე დღეს რომ მივედი, ჩემი და აპარატიდან იყო მოხსნილი. გონს იყო მოსული და მაწონს ჭამდა, ეს არასდროს დამავიწყდება. ადამიანი აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ როცა მდგომარეობა შევცვალეთ და მთელი ოჯახი ისე ვიქცეოდით, თითქოს უკვე ყველაფერი გამოსწორდა, მართლა ყველაფერი შეიცვალა. ოღონდ ის კი არა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ახლა ცუდად არის, მაგრამ გამოსწორდება. უნდა დაიჯერო, რომ უკვე კარგად არის და ასეც იქნება“- ამბობს წამყვანი „თბილისელებთან“ საუბრისას.

ამასთან, წამყვანი საკუთარ ინტუიციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ის ამართლებს ხოლმე.

– ძალიან მძიმეა ამის გახსენება, მაგრამ მამაჩემის მკვლელობა მე ისე მძაფრად ვიგრძენი, რომ ჩემი დისგან ამის თქმა აღარ მჭირდებოდა. რომ შემოვიდა, პირდაპირ ვკითხე, გარდაიცვალა-მეთქი? უფრო ადრე, როცა მამა გადიოდა და თქვა, მოვბრუნდე თუ არაო, მე ვუთხარი, მობრუნდი-მეთქი. მერე ჩემს თავს ვკითხე, რატომ ვუთხარი ეს და ეს ფიქრები ჩემგან განვდევნე. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა...

სხვა სიახლეები