პანაშვიდზე გალობის დროს ვგრძნობ, მიცვალებული მიდის თუ არა სამოთხეში - ნაირა ნაჩხატაშვილი

NAIRA NACHXATTASHVILI

გალობა ანგელოზებმა მასწავლესო - ამბობს ნაირა ნაჩხატაშვილი და იმ ისტორიას იხსენებს თუ როგორ შექმნა პატრიარქმა მაცხოვრის დატირება მასთან ერთად.

უკვე 30 წელზე მეტია, ყოველ წითელ პარასკევს, ​უფლის დატირების საგალობელს „საჩინოს“ გალობს და გულით დასტირის უფალს...

ნაირა ნაჩხატაშვილმა, გადაცემა „ღამის პრაიმთაიმში“ სწორედ დატირების საგალობლის შექმნის ისტორია გაიხსენა.

„საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე ეკლესიაში დავდგებოდი და ვიგალობებდი... დიდი ხნის წინ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევა იყო, რომ შექმნილიყო მგალობელთა ანსამბლი. ჩემმა პედაგოგმა, მაშინ ტექნიკუმის სტუდენტი გახლდათ და მითხრა, ნაირა, ნაწარმოებს მოგასმენინებ და რა შთაბეჭდილება დაგრჩება მითხარი, როგორ ფიქრობ, სად უნდა იგალობებოდესო. რომ მომასმენინა მაშინვე ვუთხარი, რომ ტაძარში-თქო. რომ დავიძინე, მთელი ღამე ანგელოზების გალობა ჩამესმოდა. თითქოს მოფრინდენ სერაფიმები და ისინი მასწავლიდნენ თუ როგორ უნდა მეგალობა.

 

ნახეთ ვიდეო

 

რეჟისორი ნანა ხატისკაცი უწმინდეს ხშირად სტუმრობდა. სწორედ მას და პატრიარქს გაუჩნდათ სურვილი,  მოდი, ქრისტეს დატირება დავაწერინოთ კომპოზიტორებსო. მერე მე დამიბარა პარტიარქმა და მითხრა, მინდა, რომ შენ შეასრულო გალობა, მანამდე კი რამდენიმე კომპოზიტორის დაწერილს მელოდიას მოუსმინეო. მომასმენინეს ერთი კომპოზიცია, მერე მეორე, მესამე. ყველა კარგი იყო, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვახდინე საგალობელს. მერე პატრიარქს ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, არ უნდა ამ საგალობელს გართულება,  ქართველი დედა შვილს რომ დაიტირებს, ასე უნდა იყოს ეს გალობაც - მეთქი. მკითხა, თუ შეგიძლია, შეასრულე და მაჩვენეო.

იქვე მყოფ ჩემს მგალობელ გოგონებს ვუთხარი, ბანი მომეცით-მეთქი. ჩვეულებრივი დატირებით დავიტირე უფალი და ძირითადი მონახაზი იქვე გაკეთდა. პატრიარქს ძალიან მოეწონა და მითხრა, ზუსტად ეგ არის რაც უნდა იყოსო. მაშინ მითხრა, დღეიდან ამას იგალობებო.

ჩვენ მგალობლები ვართ და მოგეხსენებათ პანაშვიდებზეც გვიწევს გალობა. ერთი ამბავი უნდა გაგიმხილოთ. გალობის დროს ვგრძნობ, მიცვალებული მიდის თუ არა სამოთხეში. თუ ვგრძნობ, რომ გარდაცვლილის გზა სამოთხისკენ არ მიდის, ბევრჯერ ჩემს თავზე ამიღია და მთელი გულით მითხოვია უფლისთვის, რომ მიცვალებულს მიუტევოს.“ - ამბობს ნაირა ნაჩხატაშვილი. 

სხვა სიახლეები