Exclusive: „მამა გაბრიელის ლოცვით, ღმერთმა ჩემი ბედისწერა ზეცაში შეცვალა“ - დაუჯერებელი ისტორიები, რომელთაც მამა გაბრიელის სულიერი შვილი პირველად გვიყვება

mama gabrieli

მანანა ხორბალაძე მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი მეოხი წმინდა მამის მიერ მოვლენილ სასწაულებზე, საჯაროდ, პირველად ჰყვება.

ამ ისტორიების დაჯერება გაგიჭირდებათ...

მეც ბრძოლები მქონდა. ჩაწერილ ინტერვიუს ვერ ვწერდი. რამდენიმე თვე ისე გავიდა, რომ ჩანაწერს ვერ გავეკარე. მერე დავწერ, მერე... მერე... აი, ასე გვაბრკოლებს ეშმაკი.

„ვიცი, რომ ბრძოლები აუცილებლად გექნებოდათ. შეგეწიოთ მამა გაბრიელი“ - მოსაბოდიშებელ მესიჯზე მიპასუხა ქალბატონმა მანანამ.

და თუ არა დიდმარხვაში, იმ წყეულს, როდის შევეწინააღმდგებოდი? მოკლედ, ძალა მოვიკრიბე. 

ჩვენი რესპონდენტი  21 წელია ბელგიაში ცხოვრობს. აქვს ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი.

სათნო, ლამაზი, ღვთისნიერი მანანა ბევრს ეიმედება. მისი იმედი და სასო კი - უფალია. ღმერთი კი მამა გაბრიელმა შეაყვარა...

მანანა ხორბალაძე: უწმინდესის კურთხევა მაქვს, სასულიერო პირებიც მთხოვენ, რომ მოვყვე ან დავწერო ჩემი ისტორია. ახლა მარჯვენა ხელზე ექვსი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ვეღარ ვხმარობ. ამიტომ მოყოლა უფრო გამიადვილდება...

მამა გაბრიელი მაშინ გავიცანი, ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული რომ მქონდა. ბევრი ჩემი განსაცდელის შედეგად ქრისტეს გზას შევუდექი. შეუძლებელია დალხინებული ადამიანი უფალთან მივიდეს. ღმერთს ტკივილით და განსაცდელით პოულობ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის.

სიმსივნე მარჯვენა საკვერცხეზე მქონდა. ექვს თვეში მარცხენაზეც განვითარდა. მაშინ უფალმა გადამარჩინა. საოპერაციოში დავინახე მაცხოვარი... მერე კლინიკური სიკვდილი მქონდა.

ეკლესიური ცხოვრება ამის შემდეგ დავიწყე.

მამა გაბრიელთან მოძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, მეგობარმა წამიყვანა. 

სამთავროს მონასტერში რომ შევედით, მამა გაბრიელი კელიასთან დაგვხვდა. როგორც მასპინძელი ელოდება სტუმარს, ასეთი შემთხვევა იყო. დამლოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს. როგორ უყვარხარ, დაო, ღმერთსო. მე ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან მანამდე მთელი ცხოვრება საშინელი ათეისტი ვიყავი. გულში გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე ვუყვარდე ღმერთს-მეთქი. დიახ, მამა გაბრიელი ამ სიტყვების შემდეგ ჩემს გულში შემოვიდა. მე მასში ამ დღიდან ცოცხალ წმინდანს ვხედავდი.

ვუამბე, როგორ გავხდი ეკლესიური. მითხრა, შენ უფალი დიდ გამოცდას მოგიწყობსო. გადაიჭდო ხელები და დაამატა, როგორ უყვარხარ უფალს, ჩემთან მინდა მანანაო, ამბობსო. მე ვერ ვხვდებოდი მისი ეს ნათქვამი რას ნიშნავდა. აღმოჩნდა, რომ მამა გაბრიელი ამით მინიშნებას მაძლევდა.

დავიწყე ამ მონასტერში სიარული და უკვე კვირაობით ვრჩებოდი დედებთან. შვილებს ჩემს ქმართან ვტოვებდი, მეხუთე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და მე მონასტერში ვიყავი...

მამა გაბრიელი ამოუცნობი და დიდი იყო. კაცთანაგან ვერავინ ჩასწვდა მის სიღრმეებს. ყველასთვის მიუწვდომელი იყო. ის იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ ქართველი ხალხისთვის ღმერთის და მოყვასის სიყვარული ესწავლებინა. მთლიანად სიყვარული იყო. უყურებდი, რომ შენს წინ ცოცხალი წმინდანი იმყოფებოდა, მაგრამ უცებ ისე დაიწყებდა სალოსობას, რომ გაოგნებული რჩებოდი. ამის გამო ბევრი განიკითხავდა. უამრავი მეგობარი მყავდა მასთან მიყვანილი, თან ყველას ვაფრთხილებდი, ცოცხალ წმინდანთან მიმყავხართ-მეთქი. მამა გაბრიელი ხომ ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, ჩვენს ფიქრებსაც. ამიტომ მასთან მისულების წინ ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ისინი დაებრკოლებინა. ეს არის წმინდანიო, მერე გაოცებული მეკითხებოდნენ.

ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავი დაემდაბლებინა. მე მისი მსგავსი სიმდაბლის ადამიანი არსად მინახავს. ასეთი სიმდაბლე მხოლოდ წმინდანების ხვედრია.

არ უნდოდა, რომ მასზე ეფიქრათ, რომ ის წმინდანია. ამიტომ სალოსობით ამ ეჭვს აქარწყლებდა. ცოდვილთა შორის ყველაზე ცოდვილი ვარ, მტვერი ვარ, არარაობა ვარო, სულ ამას ამბობდა.

ერთხელ კომუნისტი და ათეისტი მივიყვანე მამა გაბრიელთან. მისი კურთხევით შევედით მის კელიაში და ჩემს მეუღლეს და ამ ჩვენს მეგობარს, ეუბნება: დაიჩოქეთ თქვე ცოდვილებოო. ორივე მოწყდნენ და დავარდნენ, თავი მიწაში ჩარგეს. მანანა, შენ ლოცვა დაიწყე, ის აქ არისო, მითხრა. დავიწყე ლოცვა. გავიხედე, შევხედე მეგობარს, რომელსაც მუცლისგან დახრა უჭირდა და ხვნეშოდა. მე გამეღიმა. მერე შევხედე მამა გაბრიელს და ის მიწიდან ჰაერში იყო აწეული. თითი ტუჩზე მიიდო, ჩუმადო, მანიშნა. ეს ნიშანი ჩემი გაღიმების გამო იყო, თუ არ თქვა, რომ მე მიწიდან აწეული ვარო, არ ვიცი...

სანამ ის ამ ქვეყნიდან არ წავიდა, მე ეს არასდროს მომიყოლია.

მანანა, გააგრძელე ლოცვა, ის აქ არისო და მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა ქანაობა დაიწყო. ამ ჩვენს მეგობარს ეუბნება, შენ ძალიან მალე წახვალ ჩვენგან ძალიან შორს, მაგრამ მე შენთვის ვილოცებო.

დედებს დაუძახა, აბა, გაშალეთ სუფრაო. დაიწყო ღვინოს დალევა. ამ საქციელმა ჩვენი მეგობარი დააბრკოლა, როგორ არის წმინდანი, როცა ღვინოს სვამსო. უცებ შემობრუნდებოდა და - რა ლამაზი ხარ, დაო, ისეთი ხმით მეტყოდა, თავი სპექტაკლზე გეგონებოდა. საუბრობდა და უცებ - რა ლამაზი ხარ, დაო, მეტყოდა. მე თავს ვხრიდი მორიდებისგან. ესეც „არ მოეწონა“ ჩვენს მეგობარს. ცოტა ხანში „ღვინოვ კახუროო“, ამღედა. მერე დადუმდებოდა და... დაიძახებდა - როგორები ვართო? ამას ხშირად ამბობდა. ჩემგან რა დიდებული არტისტი გამოვიდოდაო. ასე მაქსიმალურად დააბრკოლა ეს ჩვენი მეგობარი.

როგორ მიხვდა, რომ გერმანიაში ვაპირებდი წასვლას, მართლა ყოფილა წინასწარმეტყველიო, იქიდან წამოსულმა მეგობარმა გვითხრა. ათი დღეც არ იყო გასული, რომ მას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. მეუბნებოდა, როგორ მინდა კიდევ მამა გაბრიელთან მისვლაო, იმდენად შეუყვარდა, სულ მასთან სურდა. ერთ თვეში გარდაიცვალა...  ამქყვენიდან წასვლამდე ეზიარა.

ჩემთანაც ისალოსა, ბერი რომელიც წმინდანად მიგაჩნია და ილანძღება, როგორია.

მწუხრის ლოცვა იწყებოდა, (დედა ქეთევანი არაფერს მაკეთებინებდა, უკვე ორი ონკოლოგიური ოპერაცია მქონდა გაკეთებული, სისუსტე მქონდა) დედები მიდიდონენ ლოცვაზე. მამა გაბრიელმა ჯერ ერთი მორჩილი გალანძღა, მერე მეორე, თან უდიერი სიტყვებით. მე გავკადნიერდი და ვუთხარი, მამაო, გული მეტკინა, ეგ თუ ეგეთია, ნამდვილი მონაზონი ვინღა ყოფილა-მეთქი. შენ ვერ გამიგე, დაოო, ცრემლები გადმოსცვივდა. მე ამათ გამოცდა მოვუწყეო. ერის კაცს ეშმაკი ისედაც თავის ნებაზე ათამაშებს, მონასტერში უარესი ბრძოლაა, ამიტომ მე გამოცდას ვუწყობ, რომელი გამოდგება, ეს მათი წრთობააო. შეხედე ის პირველი მორჩილი, აღიკვეცება მონაზვნად, მაგრამ არასდროს ჭეშმარიტი მონაზონი არ იქნებაო. ეს მეორე უდიდესი მონაზონი იქნება აქ დაბერდებაო. დედა დოდო სამთავროშია დღესაც.

ეკლესიური ცხოვრების შემდეგ, იმდენად ძლიერდება ადამიანი, რომ ფიზიკურ ტკივილს არაფრად მიიჩნევ. მით უმეტეს, ასეთი სულიერი მამა მყავდა. მამა გაბრიელი და ჩემი მამა არჩილ მინდიაშვილი.

დედათა მონასტერი ჩემი მეორე ოჯახია. წმინდა ნინოს ხატს მირონის დენა დაეწყო. მაშინ ეს ხატი მაყვლოვანში იყო დაბრძანებული. ჩამოაბრძანეს უწმინდესთან და დედა ქეთევანმა დამირეკა, აქ ვართ, საპატრიარქოში და მოდიო.

სვეტიცხოვლის წინამძღვარმა მეუფე იოსებმა მითხრა, მანანა, წმინდა ნინოს ხატი შენთან მობრძანდება, თვითონ სადაც ისურვებს, იქ დადისო. სადარბაზოშივე იდგა საოცარი სურნელი. ერთ-ერთი დაუჯდომელის კითხვისას, ჩემთან ერთად, მეუღლე და ჩვენი მეგობარი იდგა. როდესაც მუხლმოდრეკილი ლოცვას აღვავლენდი, ცხადად დავინახე, წმინდა ნინომ საკმეველი აკმია. საოცარი სურნელი წამოვიდა და სულ ცისფერ კვალში გაეხვია იქაურობა. ვხედავ, წმინდა ნინო საკმეველს აკმევს! მეუფემ მითხრა, წმინდა ნინო სასწაულს მოგიხდენსო.

ხატი რომ უკან წავაბრძანეთ, დედა ქეთევანმა არ გამომიშვა და იმ ღამეს დამაწვინეს ოთახში, სადაც საუკუნეების ბიბლიები დევს. მე ისევ გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება, ჩემნაირი ცოდვილი ასეთ ადგილას დავწვე-მეთქი. შუაღამეს საშინელი ტკივილი ვიგრძენი წელში, თითქოს ხანჯალი გამიყარეს. ტკივილსგან ვერ ვსუნთქავდი. ყველა წმინდანს ვევედრებოდი გადარჩენას. მამა გაბრიელი ჯერ ისევ ამქვეყნად იყო და მას შევევედრე, მიშველე, მამა გაბრიელ-მეთქი. ვიცოდი, რომ მას ყოველთვის ესმოდა ჩემი. როგორც იქნა, ტკივილმა გაიარა. დედაომ მითხრა, შენ ისეთ ადგილას იწექი, ეგ ბოროტის ბრძოლა იყოო.

ნელ-ნელა წონაში დავიკელი, ფერი დამეკარგა... ფერისცვალება იყო, მეგობრებთან წყნეთში ვიყავი წელის არეში ჯოჯოხეთური ტკივილი რომ დამეწყო. ფეხზე ვერ ვდგებოდი. რენდგენი გამიკეთდა, მოიწვიეს კონსილიუმი. მაშინ იყო მხოლოდ თერმოგრაფია, ძვლების გამოკვლევა. 45 წუთი მიღებდნენ. პროფესორმა ალეკო სეფიაშვილმა მითხრა, რომ პროცესი წელიდან ძვლებზე იყო წასული... 

ამას ის გამიგებს, ვისაც გადაუტანია, რას ნიშნავს, როცა ხვდები, რომ აქ დამთავრდა შენი ცხოვრების დღეები და მარადიულში უნდა გადაინაცვლო. ძვლის დაშლის პარალელურად სისხლის გათეთრებაც მქონდა... არც ქიმია და არც სხივური თერაპია აღარ იყო უკვე საჭირო. მაქსიმუმ სამი თვე დაგრჩაო...

ამ დროს ფიქრობ შვილებზე და შენზე შეყვარებულ მეუღლეზე.  33 წლის ვიყავი...

ნოდარ, არ ინერვიულო, მე ვიცოცხლებ-მეთქი, ქმარი გავამხნევე.

არამიწიერი ტკივილი მქონდა ხერხემალზე, რომელიც თავის ქალაზე ამდიოდა. თითქოს ქალა უნდა ამომვარდნოდა. ვიწექი და მორფინს მიკეთებდნენ.

ერთხელაც დავხუჭე თვალები და უეცრად პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის ეზოში აღმოვჩნდი, ავლაბრის ტაძარია. შემოვლა დავიწყე სულიერ და-ძმებთან ერთად. დაიწყო მიწისძვრა. ხალხი მიმოიფანტა, წივიან-კივიან. საკურთხევლის მხარეს, მუხლებზე დავვარდი და ლოცვა დავიწყე. მიწა გათეთრდა ისე, როგორც გოლგოთას მიწაა. მერე დამშვიდდა ყველაფერი. სულიერი ძმები მეუბნებიან, შენმა ლოცვამ გვიხსნაო. ხის კარი გაჩნდა და ორი შავით მოსილი მოძღვარი იდგა, უზარმზარი ჯვრები ეკიდათ. მოვიდა ჩემი რიგი. ნაჯახი ეჭირა და მკითხა, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად, უფალი თუ ქმარ-შვილიო? უფალი იესო ქრისტე-მეთქი. მუხლი მოვიდრიკე. მივხვდი, რომ თუ მე უფალს ავირჩევდი, თავს მომკვეთდნენ. საბოლოოდ გეკითხებით, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად... უფალი იესო ქრისტე-მეთქი. თავი მომკვეთა. სული ამოსრიალდა. შევდივარ გახსნილ თაღში. უზარმაზარი სვეტებიანი დარბაზია. თეთრი სამოსია აცვია ყველას. მოხვედი, დაო, მეფერებიან. ნუთუ ეს სასუფეველია-მეთქი, ვფიქრობ. გამახსენდა შვილები და ავტირდი. ნუ სტირი, დაო, განა შენ თვითონ არ აირჩიე ეს გზაო, ჩამესმა. გვერდზე დედა ღვთისმშობლის უზარმაზარი ხატია. წითელმოსასხამიანი მარიამ ღვთისმშობელი გადმოვიდა და ხელი დამადო. ლოყით მივეხუტე. ეს ჩემთვის დიდი ნუგეში იყო. გაისმა მშვიდი ხმა - უფალი მოდისო... და მოვიდა მაცხოვარი. როდესაც ჩემს ხილვებში მაცხოვარს ვხედავ, ყოველთვის ისეთია, როგორც ხელთუქმნელ ხატზეა. აცვია გრძელი თეთრი სხივმოსილი სამოსი.

გავახილე თვალები და საწოლში ვარ. მამა არჩილს დავურეკე და მოვუყევი. მოვდივარ და გაზიარებო, მითხრა. პარაკლისი გადამიხადა, მაზიარა. მანანა შენი გასვლის ჟამია ამ ქვეყნიდან. მზად ხარო?

იყოს ნება შენი უფალო-მეთქი...

წავიდა მამაო. ჩემი ქალიშვილი მამამისს ჩაეხუტა და ორივე ატირდნენ.  ამ დროს გულში გავიფიქრე, უფალო, ნუთუ შენთვის საჭიროა ჩემი ამ ქვეყნიდან ასე მალე წაყვანა-მეთქი?

მეორე დღეს შუადღეს თვალი გავახილე და მამა გაბრიელი ზის ჩემთან, ზალაში. მომეჩვენა-მეთქი, ვიფიქრე. დავხუჭე თვალი, გავახილე და ნამდვილად ჩემს სასთუმალთან დამხვდა. გულში ჩამიკრა და აი, მაშინ ავტირდი პირველად. მამა გაბრიელი აქვითინდა, მეც ვქვითინებდი. უეცრად ისეთი სიმშვიდე დამეუფლა. მამა გაბრიელი დადგა საწოლის ბოლოში და მითხრა, მე შენ მინიშნებას სულ გაძლევდი. მაგრამ უფალმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. მართალია, ამ ქვეყნიდან შენი გასვლის ჟამი იყო, შენი ხილვა მაგას ნიშნავდა, მაგრამ უფალს იმდენად შეებრალა შენი ქმარ-შვილი, ლოცვა შესმენილია, შენი თავი მათ აჩუქა!

მე ვფიქრობ, მამა გაბრიელის ლოცვით, ღმერთმა ჩემი ბედისწერა ზეცაში შეცვალა. შემდეგ მითხრა, ახლა შენს თავს რაც მოხდება ეს ღვთის საიდუმლოებაა. მე მისი გაცემის ნება არ მაქვს. ერთი რამ კი დაიმახსოვრე: შენ უფალი ცეცხლში გამოგატარებს და როგორც ოქროს, ისე გაგწმენდს. მოთმინება და ლოცვაო...

მოგვიანებით გავიგე, თავის კელიაში უთქვამს, ვინ თქვა მანანა ხორბალაძე კვდება. მაშ, აქ გაბრიელ ბერი რას აკეთებს, კვერთხი მომიტანეთო და მერე მოვიდა ჩემთან.

მოვიდა და წამოყენების ძალა...

გავიდა დრო. ამ ჯოჯოხეთურ ტკივილში რვა წელი გავატარე. ეტლით გადავადგილდებოდი. მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზს მიგზავნიდა. 

მოსკოვშიც ვიყავი, გერმანიაშიც. თეძოს ძვალზე გამიკეთდა ოპერაცია.

ბოლოს ბელგიაში ჩავედი. ამინდი რუხი დამხვდა, ჩემი ფიზიკური მდგომარეობის შეაბამისი. გული კიდევ უფრო დამიმძიმდა.

დისკოზები მქონდა გაჩენილი, დროდადრო ვკარგავდი გონებას. ეტლში ვიჯექი და ისეთი დაუძლურებული ვიყავი, ჯდომის თავიც არ მქონდა. ძლიერი გამაყუჩებლებს ვიღებდი.

როგორც იქნა დამისვეს დიაგნოზი, კისრის არეში და ხერხემალზე მესაჭიროვებოდა ოპერაცია.  მაგრამ რამდენიმე ნეიროქირურგმა ოპერაციაზე უარი მითხრა. ოპერაციის დროს ხელ-ფეხი გაგეთიშებაო, ამბობდნენ.

ბოლოს ვუთხარი ექიმს, ვცადოთ-მეთქი. ვერ გარისკა, რადგან მას პასუხისგებაში მიცემა და ლიცენზიის ჩამორთმევა ელოდა, ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა, რომელიც ჩემს შემდეგ, ჩემი ოჯახისთვის უნდა ეხადა.

უკან, სამშობლოში დაბრუნებას ვაპირებდი.

(ამ ფოტოზე ორჯერ გამოისახა სხივი. პირველად რომ გადამიღო მეგობარმა, ეგონა გაფუჭდა. მეორედაც რომ გადაიღო, თქვა ესეც გაფუჭდაო. მამა გაბრიელმა დახედა ფოტოს, გაეღიმა და თქვა, ეს გაფუჭებული არ არის, ეს სურათი გამრავლდებაო)

ჩემ მეგობართან ერთად მამათა მონასტერში წავედი. მონასტრის პანსიონატში ვისვენებდით. ნატალი ოტო მივლიდა. ერთხელ ვახშამზე არ ჩავედი. ვიწექი და ვლოცულობდი. უეცრად მამა გაბრიელი დადგა საწოლთან. მწუხარე სახით მიყურებდა, როგორ იტანჯები, მანანა, შვილო, როგორო?!.. ცრემლები მოსდიოდა. ილოცე, მოთმინება, მოთმინება და აქ მოიცადეო, მითხრა.

მეგობარი რომ ამოვიდა და ეს ვუამბე, მითხრა, ეტყობა, სამშობლოში არ უნდა წახვიდე, აქ რაღაც ისეთი გელოდება, უნდა დარჩე. შენმა სულიერმა მამამ გაკურთხა, არაფრით არ უნდა წახვიდე საქართველოშიო.

დავურეკე დედა პარასკევას, საქართველოში ვბრუნდები-მეთქი. მან მითხრა, მოდი, ახლა მე ტელეფონს დავდებ მამა გაბრიელის საფლავზე და შენ უამბე ეს ყველაფერიო. ჩათვალე, რომ მამა გაბრიელს ტელეფონზე ესაუბრებიო... ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ მოხდა ეს გამოცხადება...

დავყევი მამა გაბრიელის კურთხევას და წასვლა გადავდე. მივედი მკურნალ ექიმთან და გამიშვა ისევ იმ ექიმთან, ვინც ვერ გარისკა და ოპერაციის გაკეთებაზე უარი მითხრა. იმ ექიმის ადგილას დამხვდა ახალგაზრდა ექიმი. გადახედა ჩემი ხერხმელის ფოტოებს და მეუბნება, თქვენ იცით, რომ ძალიან მალე ხელფეხი გაგეთიშებათო. გადახედა დაგეგმილი ოპერაციების განრიგს, თავისუფალი ადგილი არ იყო. მაგრამ უცებ მეუბნება, იღბლიანი ხარ, ერთი გრაფა ცარიელიაო. მოკლედ, ამ ბიჭმა გარისკა. და დღეს დოქტორ  რიჩარდ ჰერცი ჩემი უსაყვარლესი ნეიროქირურგია.

მას შემდეგ კიდევ ოთხი ოპერაცია გამიკეთა, ორი კისერზე, ორი ხერხემალზე, წელის არეში. აქ ვინც კი ქართველია, ყველა მასთან იკეთებს ოპერაციას.

ყველაზე მეტად, ვინც ამ ქვეყნად მიყვარს - უფალია. ჩემთვის აქედან წასვლა არაფერია. ვფიქრობდი, რომ უფალი არ დაუშვებს, რომ მე ხელ-ფეხი გამეთიშოს-მეთქი.

მიუხედავად იმისა, რომ ასე მძიმედ ვიყავი, სულ ფორმაში გახლდით, მოწესრიგებული, მაკიაჟით. ქიმიას რომ იკეთებს ქალი და პომადას ისვამს, ხომ წარმოგიდგენიათ. იმაზე ვფიქრობდი, ხელფეხი რომ გამეთიშო, თმას როგორ შევიღებავ ეტლში, ან მაკიაჟს როგორ გავიკეთებ-მეთქი. მამა გაბრიელი ასე მეძახდა, ჩვენი პრანჭია მანანაო...

ბევრი სასულიერო პირი მყავს მეგობარი და როცა მე ოპერაციას ვიკეთებდი, საქართველოში ალბათ ყველა ეკლესია-მონასტერში ლოცულობდნენ ჩემზე. პარაკლისები, წირვები გადამიხადეს. 

ოპერაციის დრო მამა გაბრიელის საფლავზე ჩემთვის პარაკლისი გადაიხადეს... უწმინდესი მამასავით მედგა გვერდით. დამირეკა და დამლოცა. ამ ზარის შემდეგ ისეთი გახარებული შემიყვანეს საოპერაციოდ...

სანამ ნარკოზს გამიკეთებდნენ, ვხედავ შემოდის მამა გაბრიელი, ხორციელად ვიხილე. ენა ჩამივარდა. მოვიდა, შუბლზე ხელი გადამისვა და ლოყა დამადო. ეს ვიგრძენი ფიზიკურად!..

მანანა, მე შენთან ვარ, არ შეგეშინდეს. ჩემი თავის ტვინის მეოთხედს გადმოგინერგავო. ოპერაცია გაგრძელდა რვა საათი და არაჩვეულებრივად ჩაიარა. უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. ნარკოზიდან რომ გამოვედი, არაფერი მახსოვდა. პირველი მამა გაბრიელი გავიხსენე. შემოვიდა ექიმი, აამოძრავე თითებიო, ორივე კიდურებზე ავამოძრავე თითები... დიდება უფალს.

გავიდა ერთი წელი და ისევ გამიკეთდა ხერხემალზე ოპერაცია. მძიმედ ვიყავი, რთული ოპერაცია იყო. მქონდა შეგრძნება, თითქოს სხეულიდან ამოდის და ვერ ამოდის სული. სიცხე მქონდა, ყელში მეჩხირებოდა რაღაც. ბრძოლა იყო სხეულსა და სულს შორის. უცებ დავმშვიდდი. რაღაცამ სისწრაფით გამაქანა და მამა გაბრიელის კელიაში აღმოვჩნდი. მასთან ერთად უამრავი წმინდანი იყო. წმინდა ნიკოლოზი მახსოვს ნათლად. თეთრები ეცვათ...

მოდი ჩემთან, მე შენ იორდანიის წყალი უნდა გაპკურო და განგკურნოო. მას სიცოცხლეში მართლა ჰქონდა იორდანიის წყალი. ბოთლიც კი მახსოვს. ზემოთ ჰქონდა ოქროსფერი ჯვარი ამოტვიფრული.

მაპკურა წყალი. თუნუქის ყუთში იმ ძელის ნაფოტს ინახავდა, რომელზედაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. სამჯერ მქონდა ნანახი. საოცარი სურნელი ამოდიოდა ამ ნაფოტიდან. იმ მომენტშიც შევიგრძენი სურნელი. მერე ხუთი თითი ძლიერად მკერდზე მომაბჯინა. მკრა ხელი და უკან დავბრუნდი... კლინიკაში ეგონათ, მოვკვდი და ხელოვნურ სუნთქვაზე ვყავდი გადაყვანილი. თვალი რომ გავახილე, გადარჩაო, იყვირეს.

43 მძიმე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ოდნავი შიშით არ შევსულვარ საოპერაციოდ. ეს ღვთისგან მომადლებული ძალით ხდება, რა თქმა უნდა. შეუძლებელია ეს ყველაფერი ადამიანმა დაითმინო.

ერთი ოპერაციის წინ, წირვაზე დამლოცა მეუფემ, მაზიარა და მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს ვემთხვიე. ტირილით ვთხოვე, უფალო არ მიმატოვო, ჩემთან იყავი, გამომეცხადე და მაჩვენე, მამა გაბრიელი სად არის-მეთქი.

მეორე დღეს ოპერაციაზე, რომელსაც 12 საათის მანძილზე მიკეთებდნენ, გული გამიჩერდა. ეს იყო კლინიკური სიკვდილი. რაც მახსოვს, ეს იყო უკუნი სიბნელე. მახსოვს, მეშინოდა. უეცრად განათდა არამიწიერი ნათებით. მოდის მაცხოვარი, გრძელი თეთრი  პერანგი აცვია, ოქროსფერ-თეთრადაა სხივმოსილი. განათდა ჩემი საწოლი. მიყურებს და თითქოს ნაწყენია.

მანანა, მე სულ შენთან ვარ და ნუთუ, ამას ვერ გრძნობო. შევწუხდი, როგორ გავკადნიერდი-მეთქი. შენი მამა გაბრიელი ჩემთან არის, მარჯვნივო, თქვა და წავიდა ნელა. მის ადგილას მამა გაბრიელი დადგა, მანანა, შვილო, როგორ იტანჯებიო, ტიროდა... დავბრუნდი სხეულში და ის სიმსუბუქე აღარ მქონდა, დავმძიმდი. ამოვისუნთქე და გამოვიხედე. დავინახე ჩემი ექიმის რიჩარდის თვალები. მერი, დონთ ვორიო, იღიმოდა...

მამა გაბრიელთან დაკავშირებული იმდენი სასწაული მაქვს, ერთ სტატიაში ვერ ჩაეტევა.

უწმინდესს აქვს ნათქვამი, უამრავი წმინდანი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მამა გაბრიელი ყველაზე დიდიაო...

ქართული სკოლა ანტვერპენში

მეშვიდე წელია, ამ საოცარმა ქალბატონმა, ანტვერპენში ქართველი ბავშვებისთვის სკოლა გახსნა. როდესაც ფლომანურად მოსაუბრე ემიგრანტ ბავშვებს უყურებდა, გული სტკიოდა. მალე მათ თავი შეაყვარა, ენა ასწავლა და სამშობლოს ისტორიით, სისხლი აუდუღა.

ბედნიერია, რომ უცხო მიწაზე დიდ ქართულ საქმეს აკეთებს. უცხო მიწაზე მცხოვრებ ქართველ ბავშვებს კი, სიამაყის განცდა შთაუნერგა.

მანანა: ღმერთო, რა გავაკეთო, რომ ამ ბავშვბმა ქართული ენა იცოდნენ-მეთქი, ვფიქრობდი. მეუფესთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, მხატვრული კითხვის წრეს მაინც ჩამოვალიბებ-მეთქი. ბავშვები ჩემთან დადიოდნენ სახლში. ტკბილეულს ვახვედრებდი, თბილად ვხვდებოდი. დაახლოების შემდეგ კი  ვუთხარი, კარგი ქართული საქმე გავაკეთოთ-მეთქი. გავაკეთოთო, ამყვნენ.

ლექსები წავუკითხე, რომლითაც საქართველოს ისტორიას ყვები. ძალიან დაინტერესდნენ. უცხო ქვეყანაში თავი დაჩაგრულად არ იგრძნოთ, ყველას უთხარით, რომ უდიდესი ქვეყნის და ცივილიზაციის მქონე ქვეყნის შვილები ხართ-მეთქი. იამაყეთ საქართველოთი-მეთქი. სხვა ქვეყანაში მაინც იჩაგრები. ყოველ შემთხვევაში, ბელგიაში ასეა.

და ბავშვები ისეთი ამაყები გახდნენ... ამასობაში ქართულში მეტყველება დაეხვეწათ, ისწავლეს წერა-კითხვა. კლასიკოსები, ისტორია შევასწავლე. საბავშვო თეატრი გავაკეთე. დავდგი „კაცია-ადამიანი?!“

ბევრი ქართველია ანტვერპენში. არაჩვეულებრივი ქართველები შემოვიკრიბე. იმდენი ბავშვი მოვიდა ჩვენს სკოლაში... პირველ კლასელები სამ ჯგუფად გვყავს. უყვართ შაბათ-კვირას ჩვენს სკოლაში სიარული. ბევრი ონლაინ პროექტი განვახორციელეთ.

ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს ფილმს „მგზავრი წერილებით“, სადაც წარმოჩენილი იქნება ემიგრაციაში არსებული ქართველი სკოლების არსებობა.

- სამშობლოში დაბრუნება როდის შედის თქვენს გეგმებში?

- უნდა ვიფიქრო უკვე. მაგრამ ჩემი შვილები საფრანგეთში ცხოვრობენ და გამიჭირდება. არადა, ისეთი ჟამი მოდის, მართლა ყველა უნდა დავბრუნდეთ საქართველოში.

მამა გაბრიელს კელიაში ჰქონდა კოკა-კოლა, რომელზედაც იყო შტრიხკოდი. მაშინ არ იყო პროდუქტებზე შტრიხკოდები.

შეხედეთ, ეს ანტიქრისტეს ნიშანია. მალე ყველა პროდუქტს დაედება და მისი ნომერი იქნება. მაგრამ არ შეგეშინდეთ, ჯვარი გადასახეთ და მიიღეთ, არ გავნებთო. არ დაგავიწყდეთ, პროდუქტზე ჯვრის გადასახვა სანამ მიიღებთ საკვებსო. ჰყვებოდა, რომ ამის შემდეგ უკვე ადამიანებს დაედებათ ეს შტრიხკოდი, დაინომრებიანო. აცრის შემდეგ ხომ დაგვედო კიდეც შტრიხკოდები. არც ამან შეგაშინოთ. მაგრამ აი, შემდეგ მოდის ჩიპის ჩადგმაო. ვინც მას ჩაიდგამს, არ ჰქონდეს წილია არასოდეს უფალთან. მხოლოდ სამი წელი იქნებიან ბედნიერები. მესამე წელს მთელ სხეულზე ისეთი წყლულები გაუჩნდებათ, ვერავინ ვერ უშველისო. საყოველთა შიმშილი დაიწყება, ეცადეთ, ყველანი ერთად იყოთ, ჯგუფ-ჯგუფად და ბოროტი ვერ მოგერევათო. ანტიქრესტეს საქართველოში არაფერი გამოუვა, მიატოვებს და წავა აქედანო.

წმინდანთა ჯაჭვი საქართველოს საზღვრებს გარს შემოევლება და ვერავინ გადმოვაო. როცა მთელ დედამიწაზე უბედურება დატრიალდება, ივერია გაბრწყინება. საქართველოში უდიდესი ბედნიერება მოვაო.

ჩემი მეგობარი მონაზონი, რომელსაც სულიერი ხილვები აქვს, მეუბნება, დროზე დაბრუნდი საქართველოში, თორემ მერე ვეღარ შემოხვალ საზღვარზეო.

ბოლო ჟამს, ქართველ ერს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენსო, მამა გაბრიელი ამბობდა.

ღვთიური სიყვარულის ლამპარი დაგენთოთ გულებში, სხვაგვარად შეუძლებელია იყოს მშვიდობა.