სამწუხარო ინფორმაცია - „მამლუქი გოჩა“ გარდაიცვალა

ვაჟა ჯოჯუა - გოჩა, ფილმიდან „მამლუქი“

76 წლის ასაკში გარდაიცვალა  ქართული ფილმის, „მამლუქის“ გმირი  ვაჟა ჯოჯუა - პატარა გოჩა. ამის შესახებ ინფორმაცია, „პრაიმტაიმს“, მისმა მეუღლემ, იამზე კიკალიამ მიაწოდა.

მსახიობი 27 სექტემბერს, ალცჰაიმერის დიაგნოზით გარდაიცვალა. პანაშვიდი 29 და 30 სექტემბერს, დასაფლავება შაბათს. 1 ოქტომბერს აბაშაში გაიმართება.

 

ვაჟა ჯოჯუა დაიბადა 1948 წლის 14 იანვარს (აბაშა) და გარდაიცვალა 2022 წლის 27 სექტემბერს აბაშაში.

„პრაიმტაიმი“ უსამძიმრებს ვაჟა ჯოჯუას ოჯახს.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „მამლუქი“ გადაღებულია სტუდია „ქართული ფილმის“ მიერ, რომელიც პირველად ეკრანებზე, 1959 წლის 3 ნოემბერს გამოჩნდა.

ფილმის დამდგმელ რეჟისორს და სცენარის ავტორ დავით რონდელს, ვაჟა ჯოჯუა ურეკის სანაპიროზე შემთხვევით უნახავს.

რონდელს უკვე ნაპოვნი ჰყავდა ხვიჩას როლის შემსრულებელი და ეძებდა ბავშვს, ვინც გოჩას როლისთვის შესაფერისი იქნებოდა.

1958 წელს, ვაჟა 11 წლის იყო, როდესაც ფილმ „მამლუქში“ გადაიღეს. „მამლუქი“ მისი ერთადერთი ფილმია, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა.

როდესაც ვაჟა დაუნახავს, უთქვამს - „აგე, ვიპოვე, ვიპოვე”. შეშინებული ვაჟა სანაპიროზე მირბოდა, უკან კი რონდელი მისდევდა.

მამლუქ გოჩას, იგივე, ვაჟა ჯოჯუას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, რამდენიმე წლის წინ, „პარაიმტაიმმა“, აბაშაში მიაგნო და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.