1733829921
პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით ბოლნისის ბიბლიოთეკის სკვერში „წიგნის ბუდე“ მოეწყო
„წიგნის ბუდე“ ფოტოგრაფ გოგა ჩანადირისა და საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომელიც პროკრედიტ ბანკთან ერთად ხორციელდება, ინიციატივა თიანეთიდან დაიწყო და ამჯერად ბოლნისში გადმოინაცვლა. პროექტის ფარგლებში მოწყობილი „წიგნის ბუდიდან“ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი წიგნი აიღოს, ადგილზე წაიკითხოს, ან, სულაც, სახლში წაიღოს, შემდგომ დააბრუნოს ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს.
ბოლნისში სკვერის ბიბლიოთეკის გახსნის პარალელურად, ადგილზე სპეციალური გამოფენაც მოეწყო, რომელიც საქართველოში გერმანელების ყოფასა და ცხოვრებას მიეძღვნა.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა, ღონისძიებაზე განაცხადა, პროკრედიტ ბანკთან დაწყებული თანამშრომლობა მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდების წიგნიერების ხელშწყობას.
პროკრედიტ ბანკის ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა, თამარ ვაჩნაძემ სიტყვით გამოსვლისას, განმარტა, რომ გერმანული ბანკისთვის მსგავს პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია და
მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა რეგიონში სკვერის ბიბლიოთეკების პროექტის განხორციელებას.
პროექტი „წიგნის ბუდის“ მნიშვნელობასა და, ზოგადად, კითხვის საჭიროებაზე პროექტის ავტორმა, ფოტოგრაფმა, გოგა ჩანადირმაც, ისაუბრა. მისი თქმით, წარმატების მიღწევა მხოლოდ წიგნიერ ადამიანებს შეუძლიათ:
„წიგნის ბუდის“ თაროზე ძალიან კარგი წიგნები დევს. მთავარია, რომ ისინი წავიკითხოთ, გავიაზროთ და მათზე ვიმსჯელოთ. გვინდა, რომ პროკრედიტ ბანკსა და ბიბლიოთეკასთან ამ თანამშრომლობით, ძალიან ბევრ ქალაქსა თუ სოფელში შევიდეთ, რათა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ვუთხრათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ წიგნებით შეგვიძლია წარმატების მიღწევა,“ - აღნიშნა გოგა ჩანადირმა.