„ნიჭიერის“ აღმოჩენა, თინათინ ბასოშვილი სტუდენტი გახდა - ნახეთ, სად ჩაირიცხა „გურჯაანელი კალასი“

tina

"გურჯაანელი კალასი" - ასე შეარქვეს "ნიჭიერის" კონკურსანტს, რომელმაც თავისი ვოკალური მონაცემებით ჟიურის და მაყურებლის გულები ერთიანად დაიპყრო. ის თაკო ფხაკაძის რჩეული გახდა და მისგან „ოქროს ღილაკიც“ დაიმსახურა.

თინათინ ბასოშვილი სტუდენტი გახდა, ორმაგად სასიხარულო კი ის არის, რომ ნიჭიერ გოგონას ოცნება აუხდა და სასურველ ფაკულტეტზე, სასურველ სასწავლებელში ისწავლის. თინათინი პოლიტიკის მეცნიერებებს ჯიპაში დაეუფლება.

თინათინ ბასოშვილი: - რა ფაკულტეტზე მინდოდა, იმაზე ჩავირიცხე. ანაკლიის ბანაკში ვიმყოფები და ისეთ ემოციებში ვარ, ენით ვერ გადმოვცემ.

არც კი ვემზადებოდი გამოცდებისთვის. დროც არ მქონია, ბოლო ორი თვე ჩემით მოვახერხე მომზადება. ამიტომ უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ პოლიტიკის მეცნიერებას შევისწავლი. მაგისტრატურაზე საჯარო მმართველობას ავირჩევ, შემდეგ - საერთაშორისო ურთიერთობები.

მინდა არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვიზრუნო და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის კი არ ვიმღერო, არამედ ქვეყანას ვემსახურო. ზოგადად მსოფლიოს მინდა გამოვადგე. მინდა ვიყო პოლიტიკის ექსპერტი. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

სექტემბრისთვის ჩემი მიზანი რაც იყო, იმას მივაღწიე. ვიცი, რომ სიმღერის გარეშე მოვკვდები. ამიტომ გაზაფხულზე კონსერვატორიაში უნდა ჩავაბარო. 

ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლებელში ვსწავლობ. სწავლაში ფინანსურად ხელს მიწყობს კულტურის სამინისტრო. კარგი განათლება რომ მივიღო, ამაზე პირადად მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი ზრუნავს. მადლობა მას და მის მოადგილეს, კახაბერ სიხარულიძეს, რომელთანაც თბილი შეხვედრა, უკეთილშობილესი თამარ ივერის წყალობით შედგა. ის დამეხმარა, რომ მიზნების განხორციელება შევძლო და ვოკალის განხრით განვვითარდე. მადლობა არაჩვეულებრივ თამარ ივერს.

უზომოდ გამიხარდა, რომ თქვენ დამირეკეთ და მომილოცეთ. 

რაც შეეხება თამარ ივერს, აი, რას წერდა ის "ნიჭიერის" მსვლელობის დროს სოციალურ ქსელში.

თამარ ივერი: გურჯაანელო ფერიავ, შემოიარე კონსერვატორიაში და დეპრესია უკანმოუხედავად გაიქცევა. ძალიან მუსიკალური გოგო, შესანიშნავი მასალით, საშემსრულებლო ინტელექტით და ლამაზი ტემბრით. თუმცა, სამუშაო კიდევ უამრავია, მაგრამ ამ 17 წლის ასაკისთვის… ეს დიდი მიღწევაა!

პ.ს. (რაც შეეხება ვიდეოში გაჟღერებულ მოსაზრებას… კალასის ტემბრთან მას არანაირი საერთო არ აქვს, მარია კალასს ლამაზი ტემბრი არასოდეს არ ჰქონია. ის გენიოსი იყო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დემონურ-დრამატული ჟღერადობით, ტექნიკით და აზროვნებით. მის ინდივიდუალურ ტემბრს დღემდე მსოფლიოში ანალოგია არ აქვს!!! ასე რომ, ნუ დავაბნევთ ახალგაზრდებს."