მოქალაქეთა ნაწილისთვის სესხის აღება რთულდება - დეტალები

სესხი

მსესხებელთა ნაწილისთვის სასესხო მოთხოვნები მკაცრდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, კი თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით ეს ზღვარი 1 500 ლარამდე იზრდება.

აღნიშნული ცვლილება 2022 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.

„სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რის შემდგომ რიგი ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულის საკომპენსაციოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვიტილებით ეს ზღვარი 1 500 ლარამდე იზრდება,“ - ვკითხულობთ სებ-ის გადაწყვეტილებაში. 

ამასთან, 1-ლი მაისიდან შეიცვლება იპოთეკური სესხის გაცემის წესიც.

„როგორც ცნობილია, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა. ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ,“- ნათქვამია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.