„მოპარული შვილი დედამ 1000 დოლარად დაიბრუნა, 12 წლის შემდეგ კი...“ - თბილისში მომხდარი მძიმე ისტორია

ჩვილი

უკვე 2 წელია, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლები თვალს ვადევნებთ ფეისბუკ ჯგუფში „ვეძებ“ დაწერილ საზარელ ისტორიებს. სცენარი ერთია - სამშობიაროში ქალს უთხრეს, რომ მისი შვილი დაიღუპა/ვერ იცოცხლა და დაკრძალვის პროცედურებს თავად მიხედავდნენ.

იმ მომენტში, სასოწარკვეთილ ოჯახებს ალბათ იმდენი ძალისხმევა და გამბედაობა არ ეყოფოდათ, რომ ჩვილის ცხედრის ნახვა მოეთხოვათ, ან თავად დაკრძალვა. ვინც ასე მოიქცა, წლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ საფლავი ცარიელი იყო. აქვე გასათვალისწინებელია, რომ არც ერთ სამშობიაროს სასაფლაო არ ჰქონია და არც რომელიმე სასაფლაოსთან ჰქონიათ ხელშეკრულება გაფორმებული.

„პრაიმტაიმს“  30 წლის წინ მომხდარ ისტორიას, რომელსაც სევდიანი გაგრძელება მოჰყვა, მანანა ყველაშვილი უყვება.

„წლების წინ ავჭალაში ვცხოვრობდი... მეზობლად ერთი გოგო მყავდა, ძალიან კარგ ოჯახში იყო გათხოვილი, მაგრამ ძმა მსმელი ჰყავდა  და ოჯახი დაუნგრია. ამ დროს ის ფეხმძიმედ იყო... მჭიდრო კონტაქტი არ მქონდა, მრავალშვილიანი ოჯახი იყო. შეიძლება, რომელიმე მათგანი მივიდა და ბავშვის გაშვილების პროცესში ჩაერივნენ... დაზუსტებით არ ვიცით. მშობიარობის შემდეგ გამოუცხადეს, ბავშვი გარდაიცვალაო. 

ამის შემდეგ ჩემთან მოდიოდა, ტიროდა და დახმარებას მთხოვდა ხოლმე... მაშინ მე პურის საცხობში ვმუშაობდი, 2 მცირეწლოვანი შვილი მყავდა... ძალიან შემეცოდა და დავიწყეთ ამ საქმის გამოკვლევა. სხვათა შორის, ამას ჩემი სამსახური შეეწირა. 

ბევრი ვიარეთ, საბუთებში არასწორი მისამართი იყო მითითებული... ბოლოს, პირველ სამშობიაროში მაინც მოგვიწია მისვლა, სადაც სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი მიგვყვა. ამ კაცმა მთავარ ექიმს საბუთი აჩვენა, გაფითრდა... მან მორიგეებს დაურეკა, მოცვივდნენ, სასწრაფოდ დაფაცურდნენ და გვითხრეს, რომ ბავშვი დიღმის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სტაფილოკოკი ჰქონდაო. არ თქვეს, რომ გააშვილეს და ფული აიღეს. 

თვე-ნახევრის შემდეგ აღმოჩნდა, ბავშვი სხვა დედას ჰყავდა. მანანა ერქვა, ძალიან ლამაზი ქალი იყო. ძალიან განიცდიდა... მეც გულთან მივიტანე მისი მდგომარეობა, მაგრამ აშკარად, ბავშვი იყო მოპარული. რა თქმა უნდა, ბავშვი ბიოლოგიურ დედასთან უნდა იყოს. მშვილებელმა 1 000 ამერიკული დოლარი მოითხოვა, ამდენი გადავიხადეთ ამ ბავშვში და უკან დაგვიბრუნეთო. 1 დღე ვითხოვეთ - ამ გოგოს თავისი მეუღლის ნაყიდი, ბრილიანტის ბეჭედი ჰქონდა, რომელიც დავალომბარდეთ. 

წავედით, გადავიხადეთ... მთელი ოჯახი მოვიდა. ძალიან კარგი ხალხი იყო, მაგრამ ძლივს გადავურჩით, ჩემკენაც გამოიწიეს, ძალიან გამწარებულები იყვნენ. ჩვენ 2 თვეა ვუვლით ამ ბავშვო... რას ნიშნავს, ბიოლოგიურ დედას საკუთარი შვილი უნდა, თქვენ თქვენს შვილს მისცემთ ვინმეს მეთქი? მერე გაჩერდნენ, თანხა გამოგვართვეს და წამოვედით.

შემდეგ ამ გოგოს სახლში პრობლემები შეექმნა. ბინა დავიქირავეთ მეტროსადგურ ნაძალადევთან. ყველანაირად დავეხმარე. წავედი აღმასკომში, მოვახერხეთ, რომ ამ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცემოდა, საბოლოოდ, სანზონაში, ჩეხურის პროექტში, 1-ოთახიანი ბინა მიიღო. 

შემდეგ, ბავშვის დედას ციროზი დაემართა. 12 წლის იყო მოზარდი, როცა დედა დაკარგა. ეს ბავშვი დიდი რომ გაიზარდა, დავუკავშირდი... იმ დროს თურქეთში მუშაობდა. ნათესავებმა ჩემი დახმარებით მიღებული ბინა გაუყიდეს, საბერძნეთში წაგიყვანთო, მოგვიანებით კი ლილოს დასახლებაში უყიდეს, რაღაც დანგრეული შენობა. 

ჩემს თავს ვადანაშაულებდი, ბავშვი ობლად დარჩა, ბინაც დაკარგა... ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ვკითხე, როგორ გერჩივნა შენ, სადაც იყავი გაშვილებული, ძალიან კარგი ოჯახი იყო, ჯობდა იქ დარჩენა, უფრო კარგად გიპატრონებდნენ და ამდენ უბედურებას არ გაივლიდი მეთქი... არა, მანანა დეიდა. წარმოიდგინეთ, ახლა უფრო ბედნიერი ვარ, 12 წელი ხომ დედას ვეხუტებოდიო. როცა უჭირდა წყალი მაინც მიმქონდაო.  ამის შემდეგ მე კონტაქტი აღარ მქონია...“ - გაიხსენა მანანა ყველაშვილმა.

ცნობისთვის, სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდო, გაყიდვის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.