მონასტერში წასვლის ღამეს გამზრდელი დედა გარდაეცვალა - გაშვილებული ბიჭი ბიოლოგიურ დედას ეძებს

გაშვილება

გაშვილებული ბიჭი, მეორედ დაობლდა, 13 წლის ასაკში, მას აღარც ერთი გამზრდელი მშობელი აღარ ჰყავს. 19 წლის დედოფლისწყაროელი ბიჭი, ბიოლოგიურ დედას ეძებს.

ილია ხარაზიშვილი, დედოფლისწყაროში, გამზრდელი მშობლების დანატოვარ სახლში, მარტო ცხოვრობს.

„პრაიმტაიმთან“ საუბარში, ახალგაზრდა ჰყვება, რომ 7 წლის ასაკში მამა, ხოლო, 13 წლისამ, დედაც დაკარგა.

„დაბადებიდან ამ ოჯახში ვიყავი, ჩემი თავი აქ მახსოვს. მამა რომ გარდაიცვალა, 7 წლის ვიყავი. ეს ამბავი, ისეთივე მძიმე იყო ჩემთვის, როგორც სხვა ბავშვებისათვის. მე სულ ვიცოდი, რომ ნაშვილები ვარ, დედამ მითხრა, თუმცა, ამის გამო, არასოდეს კონფლიქტი არ გვქონია. ძალიან კარგი მშობლები იყვნენ, სითბო და სიყვარული არ მაკლდა  ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა“,- ამბობს ილია.

13 წლის ასაკში, ილიამ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. გულდაწყვეტით იხსენებს, რომ მისი წასვლის ღამეს, გამზრდელი დედაც გარდაიცვალა და მოზარდი, ფაქტობრივად, მეორედ დარჩა ოჯახის გარეშე.

„არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე მონასტერში წასვლა. წავედი და იმ ღამეს, დედაც გარდაიცვალა. ასე დავრჩი სამთაწყაროს მამათა მონასტერში, სადაც ხუთი წელი, სრულწლოვანებამდე ვიყავი. იმავე სოფელში დავდიოდი სკოლაშიც. ფაქტობრივად, მონასტერმა მიპატრონა, შემიფარა და შემაძლებინა, ამ ყველაფრის გადატანა“,- ამბობს ილია.

სრულწლოვანებას მიღწეულმა, მარტო დარჩენილმა ახალგაზრდამ, ბიოლოგიური დედის მოძებნა გადაწყვიტა.

„დავუკავშირდი ადამიანებს, რომლებიც ეხმარებიან მშობლების ძიებაში. ინფორმაცია მომაწოდეს, რომ თითქოს დედას სახელი უნდა იყოს, ნანული არაბული. მე დავიბადე 2002 წლის 26 სექტემბერს დედოფლისწყაროში. გაშვილებამდე ჩემი სახელი და გვარი, ილია არაბული ყოფილა. ჯერჯერობით, წინსვლა არ გვაქვს. არ მინდა, ვინმეს მივადგე, რომ მტკიცებულება არ მქონდეს“,- ამბობს ახალგაზრდა.

ილია ამბობს, რომ ბიოლოგიური დედისათვის საპატიებელი არაფერი აქვს და მხოლოდ, საკუთარი ისტორიის ცოდნა უნდა.

„არ მაქვს აგრესია, ან ნეგატიური დამოკიდებულება, არც საპატიებელი არაფერია, მხოლოდ ჩემი ამბის ცოდნა მჭირდება, ყველა ადამიანს აინტერესებს, საიდან მოდის. რომ ვიპოვო, ჯერ ვერ გეტყვით, რა ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება. ხომ გესმით, რომ ძალიან ძნელია, წინასწარ ამის ცოდნა“- ამბობს ილია.

ილია ხარაზიშვილის სავარაუდო ბიოლოგიური დედის მოსახელე, დედოფლისწყაროში, რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. ახალგაზრდა მზად არის, ყველას დახმარება მიიღოს, ვინც მას, დედის პოვნაში დაეხმარება.