გოგო, რომლის გამოჩენასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ვინ არის სალომე უშხვანი

სალომე უშხვანი

პანდემიის პერიოდში ტიკტოკზე უამრავი საინტერესო ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონება, ან თუნდაც, დიდი კრიტიკა დაიმსახურა და ამით ბევრს თავი გააცნო. დღევანდელი სტატიის გმირის ფოტოებს რომ დაათვალიერებთ, ალბათ მიხვდებით, რატომ მიიპყრო მან ჩვენი ყურადღება.

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულ მაკა ასათიანს 29 წლის სალომე უშხვანი ნამდვილად ჰგავს, თუმცა, ამის გამო ხშირად დისკომფორტი ექმნება, რადგან გარდა კომპლიმენტებისა, მას ბევრ აგრესიულ შეტევებთან უწევს გამკლავება.

უფრო მეტს სალომე თავად მოგვიყვება.

- სალომე, სოციალურ ქსელებში ორი სახელით სარგებლობთ. რატომ? 

- „ვამპირის დღიურების“ პერსონაჟის სახელთან, კატერინა პეტროვასთან ჩემს თავს ვაიგივებ, სწორედ ამიტომ მიწერია სოციალურ ქსელებში. რეალური სახელი და გვარი კი სალომე უშხვანია. 

საქართველოს უნივერსიტეტში, არქეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ვერ დავასრულე, რადგან დედაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ პირველი კურსის დახურვა მოვახერხე. ამის შემდეგ ბიზნესის წილების თემაში ვიყავი. 2 შვილს ვზრდი. ამ ეტაპზე, არ ვმუშაობ, ასე რომ ვთქვათ, დიასახლისი ვარ.

- როდის და რატომ გამოჩნდით ტიკტოკზე?

- სურვილი არ მქონია, რომ ტიკტოკერი გავმხდარიყავი და კონკრეტული მიზნის გამო არ შემიქმნია. მქონდა ისეთი დეპრესიული მომენტები, როცა აღმოვაჩინე, რომ დროთა განმავლობაში, ტიკტოკი განტვირთვაში მეხმარებოდა. დღესდღეობით, 21 000 გამომწერი მყავს. ამ პლატფორმაზე სადღაც, 2021 წელს გამოვჩნდი, პანდემიის დროს.

- რაც შეეხება მაკა ასათიანს, მსგავსება აშკარაა, თუმცა, სოცქსელის მომხმარებლების კრიტიკის ქარცეცხლში მაინც აღმოჩნდით. 

- მქონია გადაპარსული თმა, მიტარებია პარიკი, მქონია დაგრძელებული... ცოტა რომ წამომეზარდა, თმას ვერაფერი მოვუხერხე და გადავწყვიტე, რომ წინამო შემეჭრა. ჩათვალეს, რომ ამით მაკას მივბაძე.

მაკა ასათიანი ჩემთვის ერთადერთია და ყველა ვთანხმდებით, რომ მისით იწყება და მთავრდება სილამაზე. ეს ჩემთვის უხერხულიც არის, ასევე დიდი კომპლიმენტია. შემდეგ დამაბრალეს, რომ ინდივიდუალიზმი დავკარგე და ვცდილობ, მაკას დავემსგავსო, ეს რეალობა არაა. ეს უკვე არასასიამოვნოა ჩემთვის.

იყო აგრესია, გამომწერების 80-90% მაინც ფიქრობდა, რომ მაქვს ჩემი ინდივიდუალიზმი და ცილისწამება იყო, მაგრამ დანარჩენები... ფრთიანი ანგელოზი რომ იყო, ვიღაც მაინც გამოჩნდება და რაღაც ნეგატიურს იტყვის.

- ალბათ, მაინც ძალიან სასიამოვნოა, როცა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალს გადარებენ და გეუბნებიან, რომ მას ჰგავხართ...

- რა თქმა უნდა. თავიდან მადლობის თქმაც კი მეუხერხულებოდა, გამოდიოდა, რომ ვიფერებდი. უხერხული მომენტია... ზოგი საკუთარ მოსაზრებას საკმაოდ უტაქტოდ და უხეშად გამოხატავს. რამდენიმე ვიდეო ჩავწერე და ისიც არასწორად გაიგეს. მათი თქმით, მე ვთქვი „ვიღაც მაკა ასათიანი“, რეალურად, ვამბობ, რომ ვიღაცამ მითხრა... რომ მაკა ასათიანს ვგავდი... ეს რამდენჯერმე გავიმეორე. ყველგან ხაზს ვუსვამ, რომ მაკა ასათიანი ჩემთვის ერთადერთი ქალია და საკუთარი, გამორჩეული ადგილი აქვს დამკვიდრებული.

- ქირურგიული ჩარევებისთვის თუ მიგიმართავთ, რაიმე სახის ოპერაცია გაქვთ გაკეთებული?

- მხოლოდ რინოპლასტიკა. 2 წლის წინ, ტუჩზე ფილერი გავიკეთე და მას შემდეგ კორექციაზეც არ მივსულვარ. 

- ალბათ, ბევრს აინტერესებს, დაკავებულია თუ არა თქვენი გული...

- მეუღლეს წლების წინ დავშორდი. ამ ეტაპზე ურთიერთობაში ვარ...

- დედის ჯანმრთელობის პრობლემები ახსენეთ, თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ?

- 6 წლის წინ დედაჩემს ავთვისებიანი კიბო დაუდგინეს, მკერდსა და იღლიაში. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მკურნალობის შემდეგ მეტასტაზების გავრცელება შეუჩერდა, თუმცა, იტალიაში, ემიგრაციაში ყოფნის დროს ცუდად მყოფი კლინიკაში რომ მიიყვანეს,  მეტასტაზები ფილტვზე ჰქონდა გადასული. ახლა საფრანგეთშია, მკურნალობს. ფილტვზე შეუჩერდა, თუმცა, ახლა ხერხემალზე დაეწყო. გაყინვის მეთოდით ცდილობენ, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრან. ქიმიოთერაპიებსაც აგრძელებს და ამიტომ, საქართველოში ვერ ჩამოდის.