"ეს წიგნი, მამა გაბრიელზე უცნობი ისტორიებით, დიდი პოპულარობით ისარგებლებს. ერთი კითხვა არ მასვენებს..." - წმინდანის სულიერი შვილი აქამდე გაუმხელელი ამბებით

beri gabrieli

საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, ოთარ ნიკოლაიშვილი პირველია, ვინც მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ, ამ დიდ წმინდა მამაზე წერა დაიწყო.

ბერი გაბრიელის სულიერმა შვილმა ბეჭდური სახით გვიამბო ამ უდიდეს თანამედროვე წმინდანზე, პრესაში იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა ზომის ბროშურაში. გამოსცემდა მარტო და დიდი ენთუზიაზმით, რომ ქართველების გულამდე გაუნელებლად მიეტანა ის ცეცხლი, რომელიც უღიმღამო 90-იანი წლების დასაწყისში, ბერი გაბრიელის კელიაში მის თვალწინ გიზგიზებდა... 

ახლა ახალ წიგნზე მუშაობს, რომელიც მამა გაბრიელზე უცნობი ისტორიებით იქნება გაჯერებული. სურს წიგნში ყველა ის ბროშურა შეიტანოს, რაც აქამდე გამოუცია. 

გვგონია, რომ ბევრი რამ გვაქვს ამ ფასდაუდებელ წმინდა მამაზე გაგონილი, წაკითხული თუ მოსმენილი, ვფიქრობთ, ახალი რა უნდა გავიგოთ, რომ კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნოთ მისი სიდიდე. 

თუმცა, ბუნებრივია, ასეთი "უცნობი" ისტორიები და სასწაულები, უამრავი იქნება. რატომ აქამდე არ გვიამბო მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა ისინი?

ბატონი ოთარი ამ კითხვაზე პასუხის გაცემით იწყებს "პრაიმტაიმთან" საუბარს.

ოთარ ნიკოლაიშვილი: - მაშინ არ იყო მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხული. ან რა მოხდებოდა თუ მოვყვებოდი, განა მას "ხელს შეუშლიდა", მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულებით თავი შევიკავე ზოგიერთი ამბის მოყოლისგან. ახლა უკვე ნიადაგი მომზადებულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მამა გაბრიელის შესახებ ყველაფერი. ბევრს იმდენი სასწაული მოუვლინა და იმგვარად უდიდესი სიყვარული გაუჩნდა მის მიმართ, მე რომ პირიქით დავიწყო "მტკიცება", არ არის წმინდანი-მეთქი, მე ჩამსვამენ საგიჟეთში. ბევრი გამოაჯანმრთელა, დაასაჩუქრა, გაახარა, ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესა. ასეთი ადამიანი უამრავია. 

საკმაოდ ბევრი ისეთი ისტორიაა, სათავგადასავლოც კი, რომელიც საჯაროდ არ მომიყოლია. იუმორით დატვირთული ამბავიც არაერთი შევა ამ წიგნში და ალბათ, როდესაც მისი გამოშვება მეღირსება, მკითხველში საინტერესოსთან ერთად, პოპულარული იქნება. ღვთის შეწევნით, მსურს მალე გამოვიდეს. 

მამა გაბრიელი ყველგან ხედავდა, სად, რა იყო - ცაში თუ მიწაზე. ის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და ნათელმხილველი ბერი იყო. მის ირგვლივ ყველაფერი იცოდა. 

ერთი კითხვა არ მასვენებს: მამა გაბრიელი თავისებური დანანებით იტყოდა, მე ვერ გამიგო ქართველმა ერმაო, რასაც დააყოლებდა, მოვა დრო და ცოტას გამიგებთო. ბოლო დროს გამეფიქრება, რატომ ამბობდა, მოვა დრო და ცოტას გამიგებთო? ის ხომ წმინდანია. სხვათა შორის და უმნიშვნელოდ არაფერს ამბობდა. ხომ შეიძლებოდა ეთქვა, მოვა დრო და გაუგებთ მამა გაბრიელს, ან გამიგებთო. ცოტათიო, რატომ თქვა? კიდევ რაიმეთი გაკვირვებული უნდა დარჩეს ქართველი ერი? კიდევ ზე საიდუმლო რაიმე იმალება? კიდევ არის რაიმე გაუმხელელი და გამჟღავნდება?

ის კი მითხრა, ხილვაში ვნახე - ორი დიდი ნაცრისფერი ფრინველი უვლიდა თბილისს გარს, სახლები დანგრეული, ადამიანები - შეხრუკული იყვნენო... მე თვითმფრინავებად აღვიქვი ეს ფრინველები... ვკითხე მთელ საქართველოს თავზე-მეთქი? არა, თბილისის თავზეო... იმ დროს საპატრიარქოს მთავარი ბუღალტერი, ვერიკო მაჩიტაძე მახლდა თან (შემდგომში დედა მარიამი, აწ უკვე გარდაცვლილი) და მამა გაბრიელმა თავისი ამ მონათხრობის სანუგეშოდ განგვიმარტა: ღმერთს ნინევიაც უნდა დაენგრია, მაგრამ ნინევიელებმა შეინანეს, რის შემდეგაც უფალმა შეიწყალა და გადარჩნენო. ჩვენც ვილოცოთ, რომ უფალმა შეგვიწყალოს და გადაგვარჩინოსო. სინანული ცვლის ამგვარ გადაწყვეტილებებსო. 

რაც უფრო მოახლოვდება ბოლო ჟამი, კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდება მამა გაბრიელის ნაწინასწარმეტყველევი. მაგაზეც ჰყვებოდა, როგორ უნდა გადავირჩინოთ თავი ბოლო ჟამს... არ ვიცი... მამა გაბრიელი საკვირველებაა... დრო თანდათან გამოაჩენს ყველაფერს.