„დღეს კვლავ გაგვაერთიანა დიდმა ტრაგედიამ...“ - რას წერს ექიმი, რომელმაც საგარეჯოს ტრაგედიის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია

ექთანი საგარეჯო

ექიმი, რომელმაც საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დღეს კვლავ გაგვაერთიანა დიდმა ტრაგედიამ. ასეთ ტკივილს „ერთ სულ და ერთ ხორც“ შესისხლხორცება სცოდნია. ყველას თავის განცდას და სურათს შემოუნახავს ხსოვნის მარადისობა. უფლის მადლით ასეთი დღე ხომ ძალიან იშვიათია. ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის, 19 იანვარი, უფლის მირონცხების დღე, ტკივილთან ერთად ფიქრის და სინანულის დღედ დარჩება. სინანულის იმად, რომ ხუთი ახალგაზრდა, უმწიკლო სიცოცხლე ჩვენს თვალწინ წამში ისე გაფრინდა ზეცად, რომ ვერ შევეხიდეთ, ვერ შევაჩერეთ დემონი გზასაცდენილ სულსა და ჩვენში, ვერ ვთქვით თავის დროზე, რომ ვინც ძალადობს და მავანი ხმას არ იღებს, ისიც მოძალადეა, რომ მდუმარებაში მყოფი საზოგადოება თავის თავს კლავს და სოკოებივით ამრავლებს უთქმელ, მშიშარა, ჩირგვებში მობინადრე ჰუმანოიდებს. ვისი ცხოვრების წესია ,,რაღა მე ვიყვირო?“ „რაღა მე ვთქვა?“ „ვითომ არ დამინახავს“

მერე გვიანია... მერე სიკვდილი კვლავ გვავიწყებს სათქმელს და ერთი სული გვაქვს ოღონდ არ შევინანოთ, ოღონდ არ ვიფიქროთ... 

ჩემთვის ის სისხლიანი დღე ოთარ ღვინიაშვილის ცხედრის ფანჯრისკენ ნახევრადმობრუნებულ ნაცრისფერ სახეზე შეყინული ღიმილია, ვისაც შეეძლო ამბრაზურად ქცეულიყო, ოღონდ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინა, ვინც სიკვდილით შეგვახსენა, რომ გათითოებული საზოგადოება განწირულია, გათითოებული განსაცდელი არ არსებობს... 

რომ ის სიცოცხლის ჭეშმარიტი რაინდია, რამე თუ შეუძლია სიკვდილს ჩახედოს თვალებში ჩვენი სულების გადასარჩენად.

ვუსამძიმრებ მთლად საგარეჯოს.

დღეს გარეჯის მიწამ გულში ჩაიხუტა ჩვენი ღირსეული ბიჭები.

უფალი ფარავდეს მათ უმწიკლო სულებს“, - წერს ლეილა ოტიაშვილი.