„ვერავინ მოგვეკარებოდა, ისეთი სროლა იყო, ყველას ეშინოდა“ - რას იხსენებს საგარეჯოს ტრაგედიისას დაშავებული

დაშავებული

20 იანვარს, საგარეჯოში დაშავებულებიდან მხოლოდ ორი რჩება კლინიკაში - ცოტა ხნის წინ, სამედიცინო დაწესებულება 36 წლის ნინო წიქარიშვილმა დატოვა, რომელმაც „კურიერთან“ მძიმე ღამე გაიხსენა.

მისი თქმით, მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად ჩავიდა, როდესაც ფეხში ტყვია მოხვდა, ვითარება კი გარშემო უკონტროლო გახდა.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება ორი მამაკაცი, მათგან ერთის - 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა.

„იმ ღამეს შევედი მაღაზიაში, წავედი სახლიდან, პროდუქტი უნდა მეყიდა, რომ შევტრიალდი, მაგ დროს დავიჭერი. რომ მესროლეს ჯერ ვერ ვიგრძენი, ვალერი რომ დაიჭრა, იქვე წაიქცა. ლიზისაც რომ შევხედე სისხლი მოსდიოდა თვალიდან. მახსოვს, რომ გავედით დასამალად ბუჩქებში, მოვიდა ამ დროს გიორგი არიშვილი დასახმარებლად. სისხლად ვიცლებოდით, ვერც ვერავინ მოგვეკარებოდა იმიტომ, რომ ისეთი სროლა იყო ყველას ეშინოდა," - აცხადებს ნინო წიქარიშვილი.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, დაშავებული სამი პაციენტიდან ერთი დილით გაეწერა კლინიკიდან, მეორეს გაწერა ხვალისთვის იგეგმება, ხოლო მესამე, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

„დილისთვის, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გაიწერა ბინაზე ამბულატორიულ მკურნალობაზე. ერთი პაციენტი კი, რომელიც ქირურგიულ განყოფილებაში დარჩა, მისი გაწერა იგეგმება ხვალისთვის, დამაკმაყოფილებელი არის მდგომარეობა. ხოლო პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე რჩება, უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა დადებითი დინამიკით“, - აცხადებს მამუკა ოთიაშვილი.