2022 წლის გამოცდების ნაშრომების გასწორება დაიწყო – როდის გამოქვეყნება შედეგები

ეროვნული გამოცდები

2022 წლის გამოცდების მონაწილეთა ნაშრომების გასწორება დაიწყო.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გასწორების პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომებით დაიწყო და სპეციალისტები ნაწერებს ცენტრის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker) ასწორებენ.

„საგამოცდო ნაშრომების ელექტრონული გასწორება უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება“, – წერია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, გამოცდების ცენტრი შედეგების გამოცხადებას ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყებს. შედეგებთან ერთად ყველა გამოსაცდელს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.

გამოსაცდელებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.