რა უნდა გააკეთოს აბიტურიენტმა, თუ გამოცდის დღეს კლინიკაში მოხვდა ან ოჯახის წევრი გარდაეცვალა

ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება და უცხო ენებში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ 2022 წლის გამოცდებზე მოხსნილია პანდემიასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა. გამოსაცდელებს შეუძლიათ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ჰქონდეთ პირბადე.

რაც შეეხება პირებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19 და ამ მიზეზით ვერ ესწრებიან გამოცდას საგამოცდო ბარათზე მითითებულ თარიღში, ისინი საგამოცდო პროცესს არ ეთიშებიან.  მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია ჩატარდება. ცენტრი უფლებამოსილია დამატებით სესიაზე მოიწვიოს გამოსაცდელები, ინფიცირებიდან არანაკლებ 7 დღის გასვლის შემდეგ. დამატებითი სესია თითო საგანში მხოლოდ ერთხელ დაინიშნება. დროები განსაზღვრული ჯერჯერობით, არ არის.

აქვე, საგამოცდო ცენტრი აპლიკანტებს აფრთხილებს, თუ გამოსაცდელი გამოცდის დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება სტაციონარში ან გარდაეცვალა ოჯახის წევრი, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა მომართოს ცენტრს განცხადებით გამოცდიდან 3 დღის განმავლობაში.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია დამატებით საგამოცდო სესიაზე იმ აბიტურიენტთა დაშვებაც, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას საერთაშორისო სპორტულ ტურნირებში საქართველოს სახელით მონაწილეობის გამო. მათ გამოცდიდან 3 დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აბიტურიენტის მონაწილეობას საერთაშორისო სპორტულ ტურნირში.

განაცხადები მიიღება მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). რეგიონებში კი ადგილობრივ რესურსცენტრებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სესიები ტარდება რამდენიმე დღეს და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.