ძმები კაკულიები კვარაცხელიას საქმეზე ბოლო კომენტარს აკეთებენ

კაკულიები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების სასამართლო სხდომა გაიმართა.

სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დათა კაკულიას ადვოკატმა გიორგი ანთაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაიკითხება ბინის მეპატრონე, რომლის თვალწინაც ჩხრეკა ჩატარდა და მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდება, რომ ძმებ კაკულიებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ შეძენილი.

„სასამართლომ დასაშვებად ცნო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაცვის მხარე ითხოვდა გარკვეული მტკიცებულებების ამორიცხვას, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეული იქნება საქმის არსებითი განხილვის დროს და დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე აღნიშნულ მტკიცებულებებს არ გაიზიარებს.

ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული, რასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ პროცესზე. პროკურატურას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს გარდა ერთი მოწმისა, რომელსაც ჩაფხუტში შეეძლო ერთ-ერთი ბრალდებულის ამოცნობა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მათ მიერ ბრალად შერაცხულ ქმედებას“, – აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან ძმები კაკულიების შემხებლობას, ადვოკატის განმარტებით, როგორც კაკულიების ოჯახის, ასევე თავად ბრალდებულების პოზიციაა, რომ „აბსურდზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებენ“.

„კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით როგორც კაკულიების ოჯახის, ასევე თავად ბრალდებულების პოზიციაა, რომ ამ საკითხზე ბოლოჯერ იქნება კომენტარი. ისინი აბსურდზე აღარ აპირებენ კომენტარის გაკეთებას. რა შეკითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ყველას პირნათლად უპასუხეს. მკვლელობის დროს არ იმყოფებოდნენ საქართველოში, რაც თავად ბრალდებულების განმარტებით მტკიცდება“, – აღნიშნა გიორგი ანთაძემ.


ცნობისთვის, გამოძიება ძმებ დავით და გუგა კაკულიებს  თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.