ახალი დეტალები კიკეთში მომხდარ მკვლელობაზე - რას ამბობს ადვოკატი

მკვლელობა კიკეთში

კიკეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ გელა ნიორაძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. 52 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის თავს იცავდა. შემთხვევა კიკეთში შაბათს მოხდა.

„კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ვალი გახდა, რომელიც ჯერ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში, შემდეგ კი უკვე შეიარაღებულ თავდასხმაში გადაიზარდა. გელა ნიორაძის მიერ ავტომატიდან ცეცხლის გახსნას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა - ის კონფლიქტის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა, 5 დაიჭრა.

გელა ნიორაძე, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ამ დროისთვის იმყოფება ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის ადვოკატმა, საზოგადოებრივი დამცველის იურისტმა ორჯერ უკვე მოინახულა და როგორც ცნობილია, მას ბრალს ოფიციალურად დღის მეორე ნახევარში გააცნობენ.

ბრალდებულის პოზიციას რაც შეეხება, როგორც ადვოკატი ამბობს, გელა ნიორაძე განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ის თავადაა კიკეთში მომხდარი დაპირისპირების მსხვერპლი. კერძოდ, ბრალდებულის ინფორმაციით ის დაიბარეს ხოჯიკაშვილების ოჯახში, რომლებსაც მისი $500 ვალი ჰქონდათ, სწორედ ამის გამო დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც, ნიორაძის მტკიცებით, ხოჯიკაშვილებმა და მათმა სტუმრებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ დატოვა დაპირისპირების ადგილი, სახლიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დაბრუნდა კონფლიქტის ადგილზე, სადაც გასროლით თავდაცვა სცადა.

კიკეთში მომხდარი დაპირისპირების დროს ჯამში დაიჭრა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი სასიკვდილოდ. გია გათენაძე არის გარდაცვლილი, რომელიც დაპირისპირების ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა.