მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს
1793722889
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, 2004-2012 წლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ დასავლელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა საჯაროდ ამ საკითხებზე არაფერს ამბობდნენ.
დეპუტატის თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები პირად საუბრებში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მკაცრად აკრიტიკებდნენ, თუმცა საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებდნენ. მისივე განცხადებით, განსაკუთრებით კრიტიკულები იყვნენ წმინდა საყდრის დესპანი კლაუდიო გუჯეროტი, ევროკავშირის ელჩი პერ ეკლუნდი, ბრიტანეთის ელჩი დონალდ მაკლარენი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიის ქვეყნებში პიტერ სემნები.
„სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, 2004-2012 წლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები ხშირად საკმაოდ კრიტიკული და ობიექტური იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებთან დაკავშირებით, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით დასავლელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების საჯარო შეფასებებზე. ძალიან ხშირად ვხვდებოდი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და შეიძლება თამამად ვთქვა, რომ პირად საუბრებში ყველა მათგანი, აშშ-ის ელჩის გარდა, წარმოუდგენლად კრიტიკული იყო საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმართ, ოღონდ საჯაროდ ამაზე არასდროს ლაპარაკობდნენ. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ამ საკითხზე საუბარი აკრძალული ჰქონდათ.
პირად საუბრებში ყველაზე კრიტიკული იყო კლაუდიო გუჯეროტი, წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, ასევე პერ ეკლუნდი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ბრიტანეთის ელჩი დონალდ მაკლარენი. მაგრამ ყველაზე კრიტიკული მაინც პიტერ სემნები იყო - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიის ქვეყნებში. ის ამბობდა, რომ ადამიანის უფლებების მსგავსი მასშტაბური დარღვევები და მსგავსი უკანონობა ცივილიზებული მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება.
როცა მათ ვეკითხებოდი, თუ რატომ არ ლაპარაკობდნენ ხმამაღლა იმაზე, რაც იცოდნენ (თანაც ძალიან კარგად), სრული სიჩუმე იყო. ეს იყო პოლიტიკა, პირველ რიგში - შეერთებული შტატებიდან, რომელიც ზეწოლას ახდენდა ევროკავშირზე და მის წევრ ქვეყნებზე, რომ არც მათ ამოეღოთ ხმა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.