საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია - რევაზ ნადარაია

რევაზ ნადარაია

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია", - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ეროვნულ დონეზე.

"კონსტიტუციონალიზმის ისტორია ძირითადი უფლებებისათვის ბრძოლისა და მათი დაცვის სამართლებრივი გარანტიების ძიების ისტორიაა. სწორედ ამ დემოკრატიული პროცესების მონაპოვარია საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი. საქართველო აღნიშნული გლობალური კონსტიტუციური ფერხულის სრულფასოვანი მონაწილეა. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ეროვნულ დონეზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია. ის კლასიკური უფლებამოსილებათა განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის მრავალმხრივ განვითარებას, სოციალური სამართლიანობის გამტკიცებას და საზოგადოებაში კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ჩვენი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები ამდიდრებენ და სრულყოფენ ეროვნულ სამართლებრივ სისტემას, ქმნიან მისი შემდგომი განვითარების მკაფიო ორიენტირებს", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

✕