რას წერს მედია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ქართველზე - „მამაკაცი ფხიზელი იყო... დანაშაულს არ აღიარებს...“

თვითმფრინავი

ბარსელონადან პოლონეთის ქალაქ მოდლინის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა. პოლონეთის სამართალდამცველებმა საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან.

პოლონური გამოცემა RMF24-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა პოლიციას შეატყობინა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომ არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის შეხება დაუწყო.

გამოცემის ცნობით, 16 წლის გოგონამ ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც დედამ ბორტის პერსონალს მიმართა. ეკიპაჟი დაუყოვნებლივ ჩაერია, მამაკაცი არასრულწლოვანს განარიდა და მომხდარის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა.

თვითმფრინავის მოდლინის აეროპორტში დაშვებისთანავე ბორტზე სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და პოლიციელები ავიდნენ და საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იყო. მას ბრალი წარედგინა, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს.

ნოვი-დვურ-მაზოვეცკის პოლიციის წარმომადგენლის, კატაჟინა ტრემბინსკას განცხადებით, დაკავებულს არასრულწლოვნის მოტყუებით სექსუალური ხასიათის ქმედებაზე დაყოლიებას ედავებიან.

სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

✕