არჩილ გორდულაძე: მსოფლიო პოლიტიკა გარკვეული ძალების ინტერესების გატარებაზეა ორიენტირებული, მნიშვნელოვანია, ამ რეალობაში ჩვენი პატარა ქვეყანა გადარჩეს

არჩილ გორდულაძე

ევროსაბჭო, ერთი მხრივ, მსჯელობს იმაზე, რომ საქართველოში უცხოური ჩარევები გამოწვევაა, ხოლო მეორე მხრივ, შვედეთის ინიციატივით, ეუთო-სგან ვისმენთ, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ უნდა აამოქმედოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ხდება ზუსტად იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გამო, რაც უცხო ჩარევების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ევროსაბჭომ ჩვენი მოსაზრებებისა და პოზიციების გასაზიარებლად მოგვმართა, რაც გაზიარებული იყო. ერთი მხრივ, ევროსაბჭო მსჯელობს იმაზე, რომ ქვეყნებში უცხოური ჩარევები გამოწვევაა, ხოლო მეორე მხრივ, შვედეთის ინიციატივით, ეუთო-სგან ვისმენთ, რომ ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობის გამო „მოსკოვის მექანიზმი“ უნდა აამოქმედოს. ეს ხდება ზუსტად იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გამო, რაც უცხო ჩარევების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც სხვებისთვის გამოწვევაა, ჩვენთვისაც გამოწვევაა. ჩვენ თუ მსგავს კანონმდებლობას ვიღებთ, ეს დემოკრატიის უკუსვლაა, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის – დემოკრატიის ზეიმი. აღარავითარი სტანდარტი აღარ არსებობს. მსოფლიო პოლიტიკა გარკვეული ძალების ინტერესების გატარებაზეა ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, ამ რეალობაში ჩვენი პატარა ქვეყანა გადარჩეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.