სააპელაციო სასამართლომ არჩილ მუსელიანცის განაჩენი ძალაში დატოვა

მოსამართლის ჩაქუჩი

სააპელაციო სასამართლომ არჩილ მუსელიანცის განაჩენი ძალაში დატოვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარე მუსელიანცის გამართლებას, პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი კი სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის 29 ნოემბერს, ბრალდებულმა თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხულ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემას, კაბელებს და საკაბელო ლითონის არხს ცეცხლი წაუკიდა. აღნიშნულმა ქმედებამ 534 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.