რამდენად იყიდით ოქროს - ბოლო მონაცემები
1770393594
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაკავებული ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის, ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთის სამეფოში დაყადაღებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, პროკურატურამ შესაბამისი მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რის
შემდეგაც უკვე, სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ესპანეთის სამეფოს სასამართლომ ნინო მხეიძის საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, ლეკიაშვილი ადასტურებს, რომ გარდა მხეიძისა, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრების ანგარიშებიც დაყადაღებულია.
„მოცემულ შემთხვევაში, ოთხივე ბრალდებულის ოჯახის წევრების და ბრალდებულების ყველა ქონება არის დაყადაღებული. აქამდე არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ესპანეთში, ნინო მხეიძის - ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთის სამეფოს შესაბამისმა სასამართლომ დააყადაღა, ამ თვის დასაწყისში შემოვიდა ესპანეთის სამეფოდან ეს ინფორმაცია და დღეს სასამართლოში ეს მოცემულობა წარვადგინეთ.
ბურჭულაძეს სწორედ ფინანსურ საკითხებს, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ვედავებით, ამ კუთხით ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა, განხილულია მისი ოჯახის წევრების და მისი ქონებები, შედარებულია შემოსავალი და გასავალი, როგორც მოგეხსენებათ, 7 მილიონამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ვედავებით მას“, - განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, პროკურატურამ მოითხოვა თუ არა ქონებების დაყადაღება, ლეკიაშვილმა დადებითი პასუხი გასცა.
„კი ბატონო, ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც გამოსცა შესაბამისი განჩინება, შემდეგ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მიმართული იქნა შესაბამისი სამსახურის და გენერალური პროკურატურის მიერ ესპანეთის სამეფოსთვის. ესპანეთის სამეფომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ნამდვილად დაედო ნინო მხეიძის ქონებაზე ყადაღა... ყადაღის დადების დროს განკარგვის უფლება, ვიდრე ეს გამოძიება არ დასრულდება, არ აქვთ“, - განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, რატომ დაედო ჯუანშერ ბურჭულაძის პენსიონერ ოჯახის წევრების ანგარიშებს ყადაღა, ლეკიაშვილმა ასე უპასუხა:
„მათ ყველა ანგარიშს დაედო ყადაღა, სადაც გარკვეული სახის თანხა ფიქსირდებოდა და მათ შორის, დაყადაღებულია ქონება. რაც შეეხება ყადაღის მოხსნას, მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც მთავარია, ეს ყველაფერი სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა“, - განაცხადა ლეკიაშვილმა.