მადლობელი ვარ, რომ ადამიანები აკვირდებიან ჩვენს ქვეყანას, აფასებენ ჩვენს სიმტკიცეს, მაგრამ, პირველ რიგში, უკრაინელი ტყვეები იმსახურებენ მშვიდობის პრემიას - მაია სანდუ

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, ის არ ისწრაფვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისაღებად. ამის შესახებ მან ტელეკომპანია TV8-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, ამ პრემიისთვის ბევრი ღირსეული კანდიდატია. მისივე თქმით, პირველ რიგში, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავს სწირავენ მშვიდობისთვის.

„რა თქმა უნდა, ვაფასებ ამას და მადლობელი ვარ, რომ ადამიანები აკვირდებიან ჩვენს ქვეყანას, აფასებენ ჩვენს გამბედაობას და სიმტკიცეს, მაგრამ ამ პრემიაზე ბევრი ადამიანია ნომინირებული. დღეს ვუყურებდი უკრაინელ ტყვეებს, რომლებიც რუსეთიდან სახლში დაბრუნდნენ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ მშვიდობის პრემიას“, – აღნიშნა სანდუმ.

მაია სანდუს თქმით, სწორედ ასეთი ადამიანები იღებენ მსხვერპლს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის რეგიონში და ისინი უფრო ღირსეულები არიან ჯილდოს მისაღებად.

„ისინი, ვინც სიცოცხლეს წირავენ მშვიდობისთვის, რადგან სურთ მისი დაბრუნება თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში, ჩვენს კონტინენტზე. პირველ რიგში, ისინი იმსახურებენ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ისინი იმსახურებენ მშვიდობას. ვიმედოვნებთ, ის რაც შეიძლება მალე დადგება“, განაცხადა სანდუმ.

შეგახსენებთ, ნორვეგიელმა პარლამენტარმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. ნორვეგიის მწვანეთა პარტიის ლიდერმა, არილდ ჰერმსტადმა მაია სანდუ ნობელის მშვიდობის პრემიაზე დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის არაძალადობრივი გზით დაცვისთვის წარადგინა.