„აფხაზეთი საქართველოა, ლუკაშენკო - ყ*ე!“- ბელარუსის საელჩოსთან აქცია დაიგეგმა

ბელარუსის საელჩოსთან აქცია დაიგეგმა

„აფხაზეთი საქართველოა, ლუკაშენკო - ყ*ე!“- ამ სახელწოდებით დღეს, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე ბელარუსის საელჩოსთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება.

„ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გასატარებელი ამბავი არ არის ბელორუსიის საელჩოსთან ვიკრიბებით დღეს 20:00 საათზე! მისამართი: კრწანისის ქუჩა N18“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მომხდარს მკაცრად გმობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა შეშფოთება გამოხატა ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.