უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

ჯამბულათ ხოფერია

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულათ, იგივე ჯაბა ხოფერიას ცხედარი გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ, რის შემდეგაც ცხედარი წუხელვე გურიაში გადაასვენეს.

25 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ ქიმიურმა ნივთიერებამ მოწამლა და საავადმყოფოში ძლიერი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ჯამბულათ ხოფერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა. სამშობლოში გადმოსვენებამდე თანამებრძოლები მას კიევში გამოემშვიდობნენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა. ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა. ჯერ უცნობია როდის მოხდება ბახმუტთან დაღუპული კიდევ 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება. რუსულ აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, ბოლო მონაცემებით 33 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.