ზელენსკი

რუსეთის ერთი ფანატი გავცვალეთ 200 მეომარში - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის ვიქტორ მედვედჩუკის გადაცემა არ დანანებიათ, რადგან მის მიმართ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და უკრაინამ მედვედჩუკისგან მიიღო ყველაფერი, რაც საჭიროა სისხლისსამართლებრივი წარმოებისას სიმართლის დასადგენად.

უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პრორუსული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“, ლიდერი და პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2022 წლის აპრილში დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით.

„ჩვენ გავცვალეთ რუსეთის ერთი ფანატი ორას მეომარში“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას. პრეზიდენტის ინფორმაციით, თავდაპირველად უკრაინას სთავაზობდნენ 50 ადამიანის დაბრუნებას უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში მყოფი მედვედჩუკის სანაცვლოდ, თუმცა, დაჟინებით მოითხოვეს და მიაღწიეს, რომ 50 გაიზარდა 200-მდე.

გასულ ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთს გადასცა ვიქტორ მედვედჩუკი და 55 ტყვე და სანაცვლოდ დაიბრუნა უკრაინის 215 დამცველი. რუსეთის მიერ გათავისუფლებულთა შორისაა პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი. ასევე, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურს და პოლიციის წარმომადგენლები და მედიკოსები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 124 ოფიცერია.

რუსეთის მიერ გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დამცველი პოლკის, „აზოვის“ და საზღვაო ქვეითთა ორი ბრიგადის მეთაურები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ კალინა, ოლეგ ხომენკო, სერგეი ვოლინსკი და დენის შლეგა. ისინი ამჟამად თურქეთში იმყოფებიან. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოანთან შეთანხმებით, ეს მეთაურები თურქეთში დარჩებიან სრული უსაფრთხოების და კომფორტის პირობებში.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პირველად 19 სექტემბერს, ამერიკულ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ 200 სამხედრო ტყვის გაცვლაზე.

მთავარი სიახლეები