რუსეთი გაფრთხილებულია, რომ უკრაინაში „ბინძური ბომბის“ გამოყენებას შედეგი მოჰყვება - პენტაგონი

პეტ რაიდერი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გამოიყენებს „ბინძურ ბომბს“ ან სხვა ბირთვულ იარაღს, ამას შედეგები მოჰყვება, რაც რუსეთს სხვადასხვა დონეზე გააგებინეს.

პენტაგონში 25 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე რაიდერმა სიცრუე უწოდა რუსეთის მტკიცებას, რომ უკრაინა „ბინძურ ბომბს“ ამზადებს. პრესმდივნის თქმით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს აქვს თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ნებისმიერი სახის ბირთვული ან რადიოლოგიური აფეთქების აღმოსაჩენად, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება და ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში აკვირდება.

მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თურქეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს დაურეკა და უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებაზე ელაპარაკა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას.

უკრაინამ, რომელიც რუსეთს ბრალდებას ბირთვულ შანტაჟად აფასებს, მონიტორინგისთვის მიიწვია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები.