ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა - რა დეტალებია ცნობილი
1779884611
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთში მდებარე სამიზნეებზე დრონებით თავდასხმების გაგრძელებას მხარს უჭერს. უკრაინულ მედიასთან საუბრისას ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ოფიციალური ტალინი უკმაყოფილოა უკრაინული დრონების ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლით, თუმცა, მისივე თქმით, ამ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
„პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ახლა განზრახ აგზავნის ამ დრონებს ნატო-ს ტერიტორიაზე და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, რომ ნატო, ჩვენ – ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი – ოფიციალურად ვაძლევთ უკრაინას უფლებას გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია ამ თავდასხმებისთვის. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ არასდროს მიგვიცია ამის უფლება“, – თქვა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არავინ აყენებს ეჭვქვეშ უკრაინის უფლებას, თავს დაესხას რუსეთის ზურგში ღრმად მდებარე სამიზნეებს, რადგან უკრაინის „გრძელვადიანი სანქციები“ კარგად მუშაობს.
„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა უფრო ფრთხილად იყოს თავისი საზღვრების მიმართ: თუ თქვენ დაარტყამთ რუსული სამხედრო მანქანის სასიცოცხლო ხაზებს უსტ-ლუგაში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ადგილებში, ეს ჩვენს საზღვრებთან ძალიან ახლოსაა. პუტინი ღრმად შეშფოთებულია, რადგან გაზისა და ნავთობის ექსპორტის თითქმის 60% ამ პორტების გავლით გადის. ამიტომ, უკრაინამ ეს უნდა გააგრძელოს“, – განაცხადა ცაჰკნამ.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკრაინული დრონები რამდენჯერმე გამოჩნდნენ. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დრონები რუსულმა ძალებმა ტექნოლოგიების გამოყენებით გადაამისამართეს ბალტიის ქვეყნებისკენ.