საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას - ემანუელ მაკრონი

emanuel makroni

„საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის დოქტრინა ეფუძნება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს და ის ნათლად არის გაწერილი.

„უკრაინაზე ბირთვული სარაკეტო შეტევა რომ განხორციელებულიყო, ეს ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„ფრანგებს ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდი. რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს. ისევე, როგორც საფრანგეთს. ჩვენი დოქტრინა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. შეკავება მუშაობს. რაც უფრო ნაკლებად ვსაუბრობთ ამაზე, მით უფრო მეტი ნდობა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა უკრაინის საზღვრების აღდგენას 1991 წლის შესაბამისად და აღნიშნა, რომ მომავალში რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება აუცილებელია. მაკრონის თქმით, უკრაინისა და რუსეთის ინტერესებშია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება რაღაც მომენტში.