რუსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინსპექტირებიდან დროებით გამოჰყავს თავისი ბირთვული ობიექტები

პუტინი

რუსეთმა შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომების შესახებ (START 3) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების პროცესიდან დროებით გამოჰყავს თავისი ობიექტები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი.

START 3-ის სახელწოდებით ცნობილი ხელშეკრულება ითვალისწინებს გაშლილი ბირთვული ქობინების, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების და მძიმე ბომბდამშენების შემცირებას. ინსპექტორებს ორივე მხრიდან შეეძლოთ მოენახულებინათ ობიექტები, სადაც ინახება, და რემონტდება სტრატეგიული ბირთვული იარაღი და აღჭურვილობა. ინსპექტირების დელეგაციის წარმომადგენლები და საჰაერო ეკიპაჟის წევრები, ასევე თვითმფრინავები, სრული იმუნიტეტით სარგებლობდნენ იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც ტექდათვალიერებას ატარებდნენ. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2011 წელს, ხოლო 2021 წელს მისი მოქმედება 2026 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდა.

რუსეთი აცხადებს, რომ იძულებულია გადადგას ასეთი ნაბიჯი, რადგან ვაშინგტონის „არ ითვალისწინებს არსებულ რეალობას, ქმნის ცალმხრივ უპირატესობებს შეერთებული შტატებისთვის და რეალურად ართმევს რუსეთის ფედერაციას უფლებას განახორციელოს ინსპექტირება ამერიკის ტერიტორიაზე".

რუსეთის საგარეო უწყება მიზეზად ასახელებს სავიზო შეზღუდვებს და შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საჰაერო სივრცის ჩაკეტვას რუსული თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც რუსეთის ინსპექტირების ჯგუფები ჩაჰყავთ შეერთებულ შტატებში.