1730457694
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ექვსკვირიანი მოსმენა დასრულდა
ნიუ იორკის სასამართლოში ტრამპის საქმეზე ექვსკვირიანი მოსმენა დასრულდა. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ექსპრეზიდენტს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან.
კერძოდ, ტრამპს ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.
ნაფიცმა მსაჯულებმა მხარეთა საბოლოო არგუმენტები მოისმინეს და ახლა ერთსულოვანი გადაწყვეტილება აქვთ მისაღები.
გასული ექვსი კვირის განმავლობაში მსაჯულებმა მოისმინეს 20-ზე მეტი მოწმის ჩვენება, მათ შორის ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენისა და თავად პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსის.
მაიკლ კოენის თქმით, ტრამპმა მას მსახიობისთვის პირადი სახსრებიდან დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდა დაავალა და მოგვიანებით მის დაბრუნებას დაჰპირდა. კოენის თქმით, მან შტორმი დენიელსს 130 ათასი დოლარი საკუთარი ჯიბიდან გადაუხადა და ტრამპს აცნობა, რომ მისი დავალება შესრულებულია, თუმცა შემდეგ ტრამპისგან ამ თანხის მიღებას ეტაპობრივად, საადვოკატო ხარჯებში გაწერით დაჰპირდნენ.
როგორც პროკურორები ირწმუნებიან, აღნიშნული თანხის დაბრუნებისას, 2015-2017 წლებში 34-ჯერ მოხდა ფინანსური დოკუმენტების გაყალბება. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ „დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდა“ უკანონობას არ წარმოადგენს, დანაშაულია ფინანსური დოკუმენტების გაყალბება.
გამოძიება ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დონალდ ტრამპი თავიდანვე მოვლენების საქმის კურსში იმყოფებოდა, ხოლო ტრამპის უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ მსახიობისთვის თანხის გადახდა ოჯახური რეპუტაციის დაცვას ისახავდა მიზნად. ექსპრეზიდენტი კი საერთოდ უარყოფს, რომ მას ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა შტორმი დენიელსთან, ისევე როგორც დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხების უკანონოდ გამოყენებას.
დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მსაჯულები ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებენ, პროცესი, შესაძლოა, განახლდეს და ნაფიც მსაჯულთა ახალი კოლეგია დაინიშნოს.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მოსამართლე ხუან მერჩანი ჩანიშნავს თარიღს, სადაც ტრამპის სასჯელი გამოცხადდება. აღსანიშნავია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დონალდ ტრამპს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ უკრძალავს.