როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში – რას უნდა ველოდოთ თვის განმავლობაში

თოვლი

ნოემბერში საქართველოში შემოდგომის ამინდი თანდათან ზამთრისთვის დამახასიათებელი ტემპერატურით შეიცვლება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, თვის განმავლობაში ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 1 გრადუსით მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ დღეებში საგრძნობლად აცივდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქართლის დაბლობზე +7-დან +10 გრადუსამდე, კახეთში კი +8-დან +9 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში დღისით ტემპერატურამ შესაძლოა +20-დან +24 გრადუსამდე მოიმატოს, ღამის საათებში კი შიდა ქართლში -3-დან -6 გრადუსამდე დაეცეს.

დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12-დან +14 გრადუსამდე იქნება. ცალკეულ დღეებში დღისით ტემპერატურა შესაძლოა +22-დან +25 გრადუსამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რეგიონებს, მთაში საშუალო ტემპერატურა +9-დან +10 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი +4-დან +5 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა მთიან რაიონებში შესაძლოა მინუსებშიც გადავიდეს.

ნალექების რაოდენობა ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შედარებით მეტი ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნოემბრის მეორე ნახევარში ღამის ტემპერატურის კლების ტენდენცია უფრო შესამჩნევი გახდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რეგიონებში.

✕