,,ოდესმე აუცილებლად დავწერ იმ ყველაფერს, რასაც ეს გენიალური პოეტი ჰყვებოდა, წერდა, ხუმრობდა. ახლა ერთ, ამაღელვებელ მომენტს გავიხსენებ..." - ლევან ალავერდაშვილს ლექსო ლეკიაშვილი იხსენებს

levana

დღეს მშობლიურ სოფელ სამრეკლოში (დედოფლისწყაროს რაიონი) უკანასკნელ გზაზე გააცილეს პოეტი ლევან ალავერდაშვილი... 51 წლის პოეტმა იავადმყოფა.

მშობლიურ ქიზიყში ცხოვრობდა. დედაქალაქს მაშინ სტუმრობდა, როდესაც "საჭირო" იყო. არ უყვარდა ქალაქი. ფესვებთან ახლოს ყოფნითა და ვაზის მოვლით გართულს, მიწის სუნით გაბრუებულსა და ღვინისფრად შესხვაფერებულს, სამრეკლოში ნახავდით. ფიქრობდა, წერდა, განიცდიდა...

"არ ყოფილა შემთხვევა, ლევანი კახეთიდან ჩამოსულიყო ნაღდი და საუკეთესო კახური ღვინის გარეშე, ვერის ბაღში შეგვკრებდა ყველას და ღია ცის ქვეშ ერთმანეთის დალოცვა მიდიოდა...

ღვინის კაცი იყო, პურის კაცი იყო. დალევა კი არა, ქეიფი უყვარდა. უყვარდა ურთიერთობები" - "პრაიმტაიმთან" ლევანს იხსენებს ერეკლე საღლიანი.

პოეტზე "პრაიმტაიმთან" ისაუბრა მისმა მეგობარმა - ლექსო ლეკიაშვილმაც. ლექსო იმ ამბის შემსწრე ყოფილა, რომელიც მის პიროვნებაზე წარმოდგენას გვიქმნის.

ლექსო ლეკიაშვილი: ლევანა (ასე ვეძახდით და ასე აწერდა ხელს ლექსებსაც) გავიცანი 1995 წელს, დედოფლისწყაროში. მე 15 წლის ვიყავი, ის - 26-ის. მე ვიყავი მოსწავლე, რომელიც ლექსებს წერდა, ლევანა იყო პოეტი, რომელსაც ყველა იცნობდა.

მისი დამსახურებით გავიგე, რომ აუცილებელი სულაც არაა, პოეტი ზეაპყრობილი თვალებით მოძრაობდეს, სალიტერატურო ქართულით მეტყველებდეს და მხოლოდ სამშობლოზე ფიქრობდეს.

პირველი, რაც დამამახსოვრდა, მისი აბსოლუტურად გენიალური იუმორის გრძნობა იყო, რომელიც ყველასგან გამოარჩევდა. ერთნაირი წარმატებითა და ეფექტით კითხულობდა ლექსებს და ჰყვებოდა ანეკდოტებს, წერდა სკაბრეზულ კაფიებსა და კლასიკურ ლირიკას.

ოდესმე აუცილებლად დავწერ იმ ყველაფერს, რასაც ეს გენიალური პოეტი ჰყვებოდა, წერდა, ხუმრობდა. ახლა ერთ, ყველაზე ამაღელვებელ მომენტს გავიხსენებ:

ვერაზე, გამომცემლობა „სამშობლოს“ (ახლანდელი Hotel Tbilisi Rooms) წინ ვიდექით მე, ლევანა და კიდევ რამდენიმე მეგობარი. 14 თებერვალი იყო, წმინდა ვალენტინის დღე. რუსთაველის მეტროსკენ მიმავალი თაღების მხარეს ყვავილების გამყიდველი იდგა და ვარდების თაიგულებს სთავაზობდა გამვლელებს. ლევანა მივიდა და სთხოვა, ერთი ვარდი მაჩუქეო. გამყიდველმა, ბუნებრივია, უარით გამოისტუმრა. ჩვენ გაცხარებული ვსაუბრობდით რაღაც საკითხზე და ყურადღებიდან გამოგვეპარა, როგორ მიეყრდნო კედელს ლევანა, როგორ ამოიღო ჯიბიდან კალამი და ბლოკნოტი და როგორ დაიწყო წერა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ვხედავთ, მოდის ლევანა ხელში ვარდების მოზრდილი თაიგულით - მაჩუქა გამყიდველმაო. გამყიდველს გავხედეთ - დგას თავის ვარდებთან, ხელში რაღაც ქაღალდი უჭირავს და ტირის. ფურცელზე ეწერა იმ წამს დაწერილი ლექსი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია:

„ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით, დაე, შემერგოს თუნდაც არამად,

ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით - პოეტი ვარ და ფული არა მაქ.

ლექსზე გაგიცვლით - არ შემრჩა გროში, ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია...

ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში რომ სიყვარულიც გასაყიდია!“

ეს ლექსი გადაგვაწერინა მერე, ორიგინალი, რა თქმა უნდა, თავად ვარდების გამყიდველმა დაიტოვა.
 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ათი ადამიანი რომ გაივლის, ერთი მაინც ხომ დაგუგლავს მის ვინაობას, ეს მახარებს...“ - ხათუნა იოსელიანის ემოციები ძმის სახელობის ქუჩის გახსნაზე

„ცოცხალი რომ იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი... – ნუცა კუხიანიძე ლევანის უკანასკნელ შეხვედრასა და მისი დაღუპვით მიღებულ პირველ შოკზე

"რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა... მერე მამამ ქუდში ხელი ჩამაყოფინა და..." - უცნობი ამბავი სოფიკო ჭიაურელზე