„მინდა ლექსების კრებულის პრეზენტაცია ჩემი ვარსკვლავის გახსნას დავამთხვიო“ - სად წაიკითხავენ პირველად ნატო გელაშვილის ლექსებს

nato

"ათი წუთი" - ასე ჰქვია ნატო გელაშვილის ლექსების კრებულს, რომელსაც პირველად, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები, ოქტომბრის ბოლოს წაიკითხავენ.

როგორც ნატო "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, ბავშობიდან დღემდე დაწერილ ლექსებთან ერთად, კრებულში ჩანაწერები და ამონარიდებიც შევა. 

ნატო გელაშვილი: "ათი წუთი სიმარტოვე, ათი წუთი ვინატოვე, ათი წუთი, მხოლოდ ათი, შევძელი და მიგატოვე".  ეს ყველაზე პატარა და ძველი ლექსია და არის იმაზე, რომ ყველას გვაქვს ის ათი წუთი, როდესაც თავთან მარტო ვრჩებით. მოპარული ათი წუთია. როცა ხარ ის, ვინც ხარ. ალბათ, იმ ათ წუთსაც იპოვიან, რომ ეს კრებული წაიკითხონ. 

მე ლექსებს იმიტომ არ ვწერ, რომ პოეტობაზე მაქვს პრეტენზია. ეს არის ჩემი ნაფიქრი და ემოცია  ყველაფერზე. 

შემოქმედება ჩემთვის აღსარებაა. ჩემს შემთხვევაში ასეა. უფლის შემდეგ, ყველაზე მართალ აღსარებას სადაც ვამბობ, ეს სამყაროსთან ნათქვამი აღსარებაა. ეს წიგნიც ასეთი იქნება, სამყაროსთან ნათქვამი აღსარება. მე პოეზიით ვსაუბრობ და ნათქვამს ვტოვებ.

ამ კრებულში ყველა თავის თავს და ნაფიქრალს იპოვის. ერთი ქალის ბევრი პოზაა. მეც ხომ ჩვეულებრივი ქალი ვარ სხვადასხვა ეტაპგამოვლილი.

იცით რა, ყველა გავდივართ ამ ცხოვრების აღმართ-დაღმართს, დეპრესიას. როდესაც უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში ვიყავი და კონკრეტული ლექსი დავწერე, ახლა ამ ლექსმა შეიძლება სხვას, რომელიც ასევე ცუდად გრძნობს თავს, რაღაცაში მიეშველოს. გაიფიქროს, უი, ესეც ჩემსავით ყოფილაო. ერთი ქალის სულიერი მდგომარეობაა, მონაყოლია, რომელიც ხან ეჭიდებოდა, ხან იქცეოდა, ხან დგებოდა, იბრძოდა, ნებდებოდა... დაეხმარება ადამიანებს და თანაც ბევრჯერ მიუბრუნდებიან ამ კრებულს, რადგან ცხოვრებაში ეტაპები მეორდება... განსაკუთრებულად არეული როცა ვარ, ჩემი ლექსის ორი ფრაზა მახსენდება. ეს გავიარე და ასე იყო-მეთქი, მახსენდება და ბოლოს მაინც ვამბობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ჩემს ნაფიქრს გიზიარებთ, რომ ვიღაცისთვის ხელმოსაჭიდი და იმედი იყოს. ნაბიჯ-ნაბიჯ რაც გზაში დამეწია, ყველა ემოციაა ამ წიგნში. სხვათა შორის, შენი აზრი მაინტერესებს ამ კრებულზე.

პირველად ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები წაიკითხავენ, ალბათ, იმიტომ, რომ განსაკუთრებით შორს არიან ჩვენგან. მერე ევროპაში... ყველაზე მასშტაბური პრეზენტაცია კი თბილისში იქნება. სამახსოვროდ დავტოვებ ამ წიგნს. ვიცი, ბევრი ელოდება. ისე აქტიურობენ, ლექსი, ლექსიო, თითქოს დაავიწყდათ, რომ ოდესმე მუსიკას ვწერდი. მიხარია, სხვათა შორის... 

ლექსების ფეისბუქზე ატვირთვა პანდემიის დროს დავიწყე, რადგან დიდი სასოწარკვეთილება დაგვეუფლა ყველას. იმ დროს ამოთქმულმა ლექსებმა თავისი გამოხმაურება ჰპოვა და მწერენ, კრებული როდის გამოვაო. 

მინდა კრებულის თბილისური პრეზენტაცია ჩემი ვარსკვლავის გახსნას დავამთხვიო. ვნახოთ. წინასწარ ვერ ვამბობ, როდის. 

- და ახალი ეტაპისთვის - ბებიობისთვის ემზადები.

- კი, ვემზადები ბებიობისთვის. იანვრის დასაწყისში ველოდებით პატარა ლუკას. ახლა გავიგე, რომ თურმე ჭოხოებს მოულაპარაკიათ, რომ ვაჟებს ერთმანეთის სახელებს დაარქმევდნენ. ორი ლუკა გვეყოლება და რომ დამირეკავ, გკითხავ, რომელ ლუკაზე მეკითხები-მეთქი? :) ლუკა ბიძიას ისე უხარია ძმისშვილი, სხვა სამყაროშია გასული. მე გავზრდი, მომაბარეთო, ამბობს. მერე ლუკასაც თუ ეყოლება ბიჭი, ვიცი, რომ გიოს დაარქმევს. მე მათ პირად ცხოვრებაში არ ვერევი. გადაწყვეტილებებს თვითონ იღებენ...