"ასაკი არანაირად არ ეტყობა, უწლოვანს ჰგავს..." - რამდენი წლის გახდა ზურა ბერიკაშვილი?

zura berikashvili

ზურა ბერიკაშვილი 53 წლის გახდა. მსახიობს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს.

წლებია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, პრესაში გამოჩენა დიდად არ უყვარს. თავისთვის უჩუმრად აკეთებს საყვარელ საქმეს. 

11 წლით უფროსი და, მანანა ბერიკაშვილი აქებს, ფანტასტიკური ძმააო. 

მანანა ბერიკაშვილი: - ასაკი არანაირად არ ეტყობა, უწლოვანს ჰგავს. წონა, ახალგაზრდული იერი და ისეთი შინაგანი ბუნება აქვს, რომ ასაკი არ ეტყობა. 

ხომ იცით, შინაგანად როგორადაც გრძნობ თავს, იმდენი წლის ხარ. მამა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სულ ახალგაზრდა იყო, სულ ჩვენს მეგობრებთან მეგობრობდა, ტვინის ქერქი არ დაბერებია. მგონია, რომ აქაც ეს შემთხვევაა.

მგრძნობიარე, უენო, მშვიდი და გაწონასწორებულია ბავშვობიდან. დიდი იუმორის პატრონია. ჰყავს დიდი სამეგობრო წრე. მამაჩემის მსგავსად, მოშურნე და მტერი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. 

როცა თეატრში რამე ხდება, მე ყველაზე გვიან ვიგებ, რადგან ზურა არასდროს ამბობს.

ცუდი თვისება რა აქვსო, რომ მკითხოთ, დავფიქრდები და ვერ ვიტყვი.

რამე რომ გაუჭირდეს, მეზობელთან არ ავა და მე დამირეკავს.

გივი ბერიკაშვილის შვილობა მისთვის პასუხისმგებლობაა. მამა სულ გვეამაყებოდა. ჩვენ დღემდე გივის შვილები ვართ. ამას ჩვენთვის კომპლექსები არ გაუჩენია. ღმერთმა ისე ქნას, რომ სულ მის ჩრდილში გვამყოფოს. 

მისი ცხოვრებით გვასწავლა, როგორ უნდა გვეცხოვრა. მგონია, რომ ამ გზას მივყვებით. არც მისგან მიგვიღია შენიშვნები...

გადასარევი ბაბუაა. ჩემი შვილიშვილიც პაპას ეძახის და გიჟდება, ისე უყვარს. 

ეკა ჩხეიძეს არც კი ახსოვს, რამდენ წლიანი მეგობრობა აკავშირებს ზურასთან.

ეკა ჩხეიძე: - მე რომ მარჯანიშვილის თეატრში მივედი, ჩვენი პირველი სპექტაკლი "მუნჯი სიზმრები" იყო. მას შემდეგ ბევრ სპექტაკლში ვითამაშეთ.

ბოლოს, პანდემიის დაწყებამდე "ვარდის სვირინგი" ვითამაშეთ. პარტნიორები ვართ, შეყვარებული წყვილს ვთამაშობთ. მეორე აქტი კომედიაა და ზურა საოცრად თამაშობს.  ექვსი სპექტაკლის შემდეგ ჩავიკეტეთ კიდეც.

კომფორტული პარტნიორია. თბილი, უღალატო და მართალი ადამიანია. პიროვნულად ვაფასებ ადამიანებს, რომელიც არასდროს იტყუება, არ მლიქვნელობს და სულ სიმართლეს ამბობს. თვითირონია რომ აქვს, საკუთარი თავის მიმართ რომ ღადაობს, ის ადამიანი ჯანსაღია.

ხშირად ხუმრობს საკუთარ გარეგნობაზე. ერთხელ შვილი, გივიკო მოიყვანა თეატრში. უი, ზურა შენი შვილია-მეთქი, ვკითხე. ვერ დაიჯერე ხომ, რომ მე ასეთი კარგი შვილი მეყოლებოდაო?! 

ლაღი და ალალია. მიყვარს ძალიან.

ბერიკ, ჩემო საყვარელო პარტნიორო, იბედნიერე.