ცნობილი მსახიობი სპორტდარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა
1759175547
მსახიობი გია გოგიშვილი რამდენიმე ათეული წელია თეატრში თამაშობს, თუმცა ფართო საზოგადოებამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო, სადაც ბაქარის მამის როლს თამაშობდა.
გია გოგიშვილი, იგივე, გიალია მსახიობობის პარალელურად სცენის ტექნიკურ სამუშაოებზეც მუშაობს და მთელ დღეებს შრომაში ატარებს, რაც ხანდახან მძიმეც არის. მის ცხოვრებაში იყო პრობლემებიც და რთული პერიოდებიც, მაგრამ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდა. ამჯერად, პრემიერისთვის ემზადება, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს.
- ვმუშაობ ახალ სპექტაკლზე და პრემიერისთვის ვემზადები, თუმცა, ჯერჯერობით, მეტ დეტალებს ვერ გეტყვით. ახლა თეატრებში აღდგენითი სამუშაოები მიდის სპექტაკლებზე. მოზარდში ახლა დაიწყება ჩემი სპექტაკლების აღდგენა და სოხუმის თეატრშიც დაიწყება რეპეტიციები, რომელშიც ჩავერთვები.
- მსახიობობა თავიდანვე გინდოდათ?
- რომელ ზასტაველ ქუთაისელს უნდა მსახიობობა? ჩემი და კიკვიძის ძეგლის გარდა ყველას ქურდობა უნდოდა, მეათე კლასიდან შემთხვევით მოვხვდი რაღაც კარნავალზე და მაშინ გადავწყვიტე მსახიობობა. კარგი მსახიობობა თუ გინდა რთულია.
- რადგან მსახიობების ანაზღაურება ძალიან მცირეა, დამატებითაც გიწევთ მუშაობა, უფრო კარგად გვიამბეთ ამის შესახებ...
- ტექნიკურ მხარეს ვხელმძღვანელობ თოჯინების თეატრში და თან ვთამაშობ კიდეც. ახლახან, დავბრუნდი წინანდალიდან, სადაც ფესტივალი ჩატარდა და ტექნიკური კუთხით მომიწია მუშაობა. ბევრი საქმე მაქვს, როლები, ტექნიკური სამუშაოები და ახლაც ერთად მიდევს ჩანთაში პიესა და სამუშაო იარაღები. თავისუფალი დრო როცა მაქვს პიესას ვკითხულობ. დრამის მსახიობს დიდი ფული არსად არ აქვს, მათ შორის არც საქართველოში. არც მიფიქრია ფულის გამო მსახიობობა. ჩემთვის საკმარისია რასაც ამბობენ ჩემზე და რაც მჭირდება ის რომ მაქვს. მანქანაც კი არ მყავს და არც მინდა მყავდეს.
- ფინანსური კრიზისის გამო, რამდენიმე წლის წინ ემიგრაციაშიც იყავით...
- მქონდა ასეთი პერიოდი, როცა ჩემი ოჯახის პრობლემების გამო ემიგრაციაში წასვლა მომიწია. ბინას ვკარგავდი და ისრაელში წავედი სამუშაოდ. ახლობელს მივეცი ცოტა ფული, მას რაღაც პრობლემები შეექმნა და ამის გამო ვკარგავდი ბინას, მადლობა ისრაელის სახელმწიფოს ზუსტად 2 წელიწადში გადავიხადე ვალები და ბინაც შევინარჩუნე. ისრაელში თავიდან მშენებლობაზე ვმუშაობდი, შემდეგ კი თეატრში დავიწყე მუშაობა. სცენის მუშა ვიყავი. 50 წლის ემიგრაციაში გავხდი.
- რატომ არ დარჩით ისრაელში?
- ემიგრაციაში კონკრეტული მიზნით უნდა წახვიდე, მერე რომ დაბრუნდე საკუთარ სამშობლოში და იქ არ დარჩე. ასე წავედი მეც. როცა უკვე გადავიხადე ვალები და მალე უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში, მაღაზიიდან გამოსული პოლიციამ გამაჩერა, საბუთები შემიმოწმა და რადგან სამუშაო ვიზა არ მქონდა, დამადეპორტეს. საბედნიეროდ, ჩემი პრობლემები მოგვარებული მქონდა. ვიღაცის გადმოსახედიდან, შესაძლოა, ახლაც რთული ცხოვრება მაქვს, რადგან სულ ვმუშაობ და სახლში რემონტიც კი არ დამიმთავრებია, მაგრამ მე ასე არ ვუყურებ ცხოვრებას. გაჭირვება ისაა, როცა ახლობელი ადამიანი გყავს მძიმე სენით დაავადებული.