პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

პატრიარქი

ვწუხვართ, რომ გარდაიცვალა ალი ისაევ-ავარსკი, დაღესტნელთა (ავარიელთა) შესანიშნავი წარმომადგენელი, საქართველოს დიდი მეგობარი, რეჟისორი, მსახიობი, პოეტი, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„მან უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს რეჟისორებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ქართველების სიძეც გახდა და ხშირად საპატრიარქოშიც მოდიოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და უსიამოვნებისა, მისი დამსახურებით მოხდა, რომ ჩრდილო კავკასიიდან ერთადერთმა დაღესტნელებმა აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ ჯარი არ გამოგზავნეს, რაც გმირობის ტოლფასი საქმე იყო.

ვუსამძიმრებთ ალი ავარსკის (ასე უწოდებდა თავის თავს) ოჯახის წევრებს, ახლობლებს როგორც საქართველოში, ისე დაღესტანში და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ კეთილშობილი, უანგარო, ნიჭიერი პიროვნების ხსოვნა“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.