მოსწავლე

არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა! - რჩევა მასწავლებლებს და მშობლებს

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ვითარდება. ამ განვითარებას, სკოლამაც უნდა აუწყოს ფეხი. სამწუხაროდ, სკოლებში მაინც რჩება გარკვეული დისციპლინების სწავლების პროცესში, მოძველებული მეთოდები და გაუაზრებლად გაზეპირების საფრთხე.

განსაკუთრებით, მათემატიკის სწავლებისას წამოიჭრება ხოლმე მსგავსი პრობლემები, რაც მოსწავლეების დემოტივაციას, ფრუსტრაციას და თვითშეფასების დაცემასაც იწვევს.

ტაბულის ცოდნა არ ნიშნავს, რომ მოსწავლე შეძლებს საჭიროებისამებრ გამოიყენოს ის სხვადასხვა ამოცანის შესრულებისას;

ხშირად, ბავშვმა იცის, რომ 3 X 7 ოცდაერთია, მაგრამ ვერ ახერხებს იმის გააზრებას, რომ 7 X 3 – იც ოცდაერთია და თანამამრავლთა გადანაცვლებით, ნამრავლი არ იცვლება;

გამრავლების ტაბულის გაზეპირების შემდეგ, მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს ორნიშნა რიცხვების გამრავლება ორზე, სამზე ან ოთხზე. მაგალითად: 2 X 14, 3 X 15 ან 4 X 20;

გამრავლების ტაბულა, უარყოფით ემოციებთან და გადაულახავ დაბრკოლებებთან ასოცირდება, რაც დროთა განმავლობაში საგნის მიმართ ინტერესის დაკარგვას იწვევს.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაიაზრებენ რომ ნამრავლის წარმოდგენა შესაძლებელია ტოლი შესაკრებთა ჯამის სახით, მათ უნდა ვასწავლოთ გამრავლების თვისება, რომლის თანახმადაც თანამამრავლთა გადანაცვლებით, ნამრავლი არ იცვლება. (მაგ. 3X9=9X3=9+9+9 ან 4 X 150 = 150 X 4 = 150 + 150 +150 +150 ) ამ თემაზე მუშაობას, შესაძლოა დაეთმოს რამდენიმე საგაკვეთილო საათი. დამერწმუნეთ ეს დრო, ნამდვილად არ არის დაკარგული. მესმის, რომ ჩვენ, მასწავლებლები, გამუდმებით ვცდილობთ, სახელმძღვანელოში მოცემული მასალა სრულად დავფაროთ სასწავლო პერიოდში, მაგრამ ამ სიჩქარეში, სირბილში, მოსწრებაში, უკან გვრჩება მთავარი… მოსწავლე, რომელსაც ჩქაროსნული მატარებელივით ჩაურბენს თვალწინ მრავალი ვაგონი (სასწავლო თემა, საკითხი…) თუმცა ვერცერთის დანახვასა და აღქმას ვერ მოასწრებს სრულყოფილად და საფუძვლიანად. მან შესაძლოა დაასახელოს ვაგონების რაოდენობა, უკეთეს შემთხვევაში მათი ფერი და ფერთა თანმიმდევრობაც, მაგრამ ვერ შეძლებს ისეთი დეტალების გახსენებას, როგორიცაა ვაგონზე ასახული ორნამენტები, დეტალები, რომელიც მათ ინდივიდუალობასა და სილამაზეს განსაზღვრავს.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ეტაპებს გაივლის მოსწავლე, რისთვისაც მინიმუმ 10 საგაკვეთილო საათის დათმობა მიმაჩნია მიზანშეწონილად, შეიძლება გადავიდეთ გამრავლების ტაბულის შესწავლაზე და დავიწყოთ 2-იდან. და მაშინ, თქვენ დაინახავთ მოსწავლეთა გაბრწყინებულ სახეებს, რადგან ისინი აღმოაჩენენ, რომ თურმე, ორზე გამრავლება უკვე იციან, სწრაფად და მარტივად ახერხებენ 3-ზე გამრავლებასაც, 5-ზე გამრავლება ხომ სულ ადვილია, აღარაფერს ვამბობ 10-ზე გამრავლებაზე… დარჩენილი ნამრავლების ათვისებასაც მარტივად შეძლებენ და გამრავლების ტაბულა, ჩემი თაობისთვის ( და არა მარტო ჩემი) აქილევსის ქუსლად ქცეული საკითხი, გაღვიძებისას რომ ზეპირად უნდა გვცოდნოდა, მათ გააზრებულად ეცოდინებათ.

წყარო: EDU.ARIS.GE

მთავარი სიახლეები