რატომ არის ნოსტალგიური ქეით მოსის Balenciaga-ს “Le City” ჩანთით ისევ ხილვა

ქეით მოსი

როდესაც “It” ჩანთების ფენომენზე ვსაუბრობთ, აუცილებლად განვიხილავთ Balenciaga-ს ჩანთა “Le City”-საც, რომელიც, ამავდროულად, 2000-იანი წლების მოდის ერთ-ერთი სიმბოლოც არის. თუმცა, როდესაც 2001 წელს მოდის სახლმა ჩვენებაზე აქსესუარი პირველად წარადგინა, ვერავინ წარმოიდგენა წარმატებას, რომელიც ჩანთას წინ ელოდა.

„Le City”-ს დიზაინი, რომელსაც შემდგომ “Motorcycle Bag” ეწოდა, იმ დროინდელ კრეატიულ დირექტორს, ნიკოლა ჟესკიერს, ეკუთვნის. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიაში ჩანთის პოტენციალი წინასწარ ვერ განსჭვრიტეს, მხოლოდ 25 მოდელი გამოუშვეს. მაგრამ, როდესაც მისი შემჩნევა და ტარება იმ პერიოდში განხილვადმა, გამორჩეულმა სტილის მქონე ქალებმა დაიწყეს, ჩანთის მნიშვნელობაც ირწმუნეს. 

„ბალენსიაგაში არასდროს არავის უფიქრია, რომ ეს ჩანთა შეიძლებოდა წარმატებული გამხდარიყო,” – განაცხადა დიზაინერმა. “მაგრამ სტუდიაში მორგებაზე მოსული ქალები, რომლებიც მას შემთხვევით შენიშნავდნენ, გვეუბნებოდნენ: “ამ ჩანთას რატომ არ ყიდით? გვინდა!” გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ცოტა გამოგვეშვა, სულ 25. შემდეგ დავამატეთ, კიდევ დავამატეთ და საბოლოოდ, ჩვენი ყველაზე გაყიდვადი ნივთი გახდა. უნდა ითქვას, რომ ეს ჩანთა ჩვენს ბიზნესს ძალიან დაეხმარა.”

ქეით მოსი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ადრეულ 2000-იან წლებში პაპარაცებმა “Le City”-ით დააფიქსირეს. “სტილის ხატად” წოდებული სუპერმოდელი ხშირად ჩნდებოდა ჩანთის ამ მოდელით ხელში და უდიდესი წვლილი მიუძღვის მის გატრენდებაში. ვინტაჟური იერის მქონე, მეტალის დეტალებით გაფორმებულ, ტევად და პრაქტიკულ დიზაინზე, რომელზეც სხვა პოპულარული ჩანთებისგან განსხვავებით ლოგოები არ იყო წარმოდგენილი, არჩევანს ასევე აკეთებდნენ: მერი და ქეით ოლსენები, ნიკოლ რიჩი, ლინდსი ლოჰანი, ნიკი ჰილტონი და სხვები.

2000-იანი წლების ტენდენციები აქტუალურობას ჩვენს დროშიც არ კარგავს და ამ ფონზე, იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი აქსესუარი Balenciaga-ს მაღაზიების თაროებზე ისევ ბრუნდება. მოდის სახლის ამჟამინდელმა კრეატიულმა დირექტორმა დემნამ “Le City”-ს დიზაინზე იმუშავა და მისი ახლებური ვარიაციები შექმნა. და ვის ხელში შეიძლებოდა გვენახა ის პირველად თუ არა სუპერმოდელის, რომელიც ორი ათწლეულის წინ მას რელიგიურად ატარებდა? 2024 წელს ქეით მოსი Balenciaga-ს “It” ჩანთით კვლავ გვევლინება და ეს ჩვენში ნოსტალგიას იწვევს.